სპეცრაზმი „ნაცმოძრაობის" ოფისში შევიდა

შსს-მ განცხადება გაავრცელა, სადაც ადგილზე შეკრებილ მოქალაქეებს აფრთხილებს, ხელი არ შეუშალონ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას.
Sputnik

თბილისი, 23 თებერვალი – Sputnik. სპეცრაზმი თბილისში, კახეთის გზატკეცილზე მდებარე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში შევიდა, სადაც ნიკა მელია და მისი მომხრეები იმყოფებიან.

ამ წუთებში შენობიდან ხალხის გამოყვანა მიმდინარეობს. მათ შენობიდან უკვე გამოიყვანეს რამდენიმე ოპოზიციონერი, ასევე პარტიის თანამშრომელი.

დაიწყო „ნაცმოძრაობის" ლიდერის დაკავების სპეცოპერაცია

17 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერს ნიკა მელიას 2019 წლის 20–21 ივნისის საქმესთან დაკავშირებით დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანა შსს-ს დაევალა.

შსს მელიას დაპატიმრებას 18 თებერვალსაც აპირებდა, მაგრამ ეს პროცესი პრემიერ გიორგი გახარიას გადადგომის გამო გადაიდო.

მანამდე კი ოპოზიციის ლიდერებმა სამართალდამცველებს, რომელთაც სასამართლო განჩინების აღსრულება სურდათ, წინააღმდეგობა გაუწიეს და პარტიის ოფისში არ შეუშვეს.