საქართველოს საპატრიარქოსთან ქართველოლოგიური კვლევის ცენტრი დაარსდა

ქართველოლოგიური კვლევის ცენტრს სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო და ცნობილი აკადემიკოსი რისმაგ გორდეზიანი უხელმძღვანელებენ.
Sputnik

თბილისი, 23 თებერვალი – Sputnik. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ბრძანებით 2021 წლის 15 თებერვლიდან საპატრიარქოსთან ქართველოლოგიური კვლევის ცენტრი დაარსდა. ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

ქართველოლოგია ფართო გაგებით ქართველებისა და საქართველოს შემსწავლელ ყველა ჰუმანიტარულ დარგს მოიცავს. მათ შორის ენათმეცნიერებას, ლიტერატურათმცოდნეობას, ხელოვნებას, არქეოლოგიას და სხვ.

  • საპატრიარქოს ინფორმაციით, ცენტრს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) და აკადემიკოსი რისმაგ გორდეზიანი უხელმძღვანელებენ.

რისმაგ გორდეზიანი ქართველი მეცნიერი, პედაგოგი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორია. არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სრული პროფესორი და უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის დირექტორი. მას სხვადასხვა დროს მიღებული აქვს საქართველოს სახელმწიფო ჯილდო „ღირსების ორდენი“, ასევე რამდენიმე სამეცნიერო პრემია.