„ქართული ოცნებისა“ და სამთავრობო სტრუქტურების ვებ-გვერდებზე კიბერშეტევა განხორციელდა

მმართველი გუნდისა და სამთავრობო უწყებების ვებ-გვერდებზე განხორციელებული კიბერშეტევის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.
Sputnik

თბილისი, 23 თებერვალი – Sputnik. ჰაკერებმა მმართველი პარტია „ქართული ოცნებისა“ და სამთავრობო უწყებების ოფიციალურ ვებ-გვერდებზე კიბერშეტევა განახორციელეს, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.

„ამ წუთებში „ქართული ოცნებისა“ და სახელმწიფო სტრუქტურების საიტებზე მასირებული კიბერშეტევა მიმდინარეობს“, – განაცხადა მდინარაძემ.

მმართველ პარტიაში მიაჩნიათ, რომ ჰაკერული შეტევა „გეგმის ნაწილია, რომლის განხორციელებაც ნეობოლშევიკებმა დღეს ვერ შეძლეს“. 

პრემიერმა პოლიციას სპეცოპერაციის წარმატებით ჩატარებისთვის მადლობა გადაუხადა

„საბედნიეროდ, მათ ვერ გაბედეს წინააღმდეგობის გაწევა კანონის მიმართ და ვერ შეძლეს სახელმწიფოსთვის წინააღმდეგობის გაწევა. ეს არის სწორი საქციელი, იქიდან გამომდინარე, რომ ყველა უნდა დაემორჩილოს კანონს და მის მოთხოვნებს“, – განაცხადა მდინარაძემ.

მან იმედი გამოთქვა, რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო ორგანოებს სწრაფი და ეფექტური რეაგირება ექნებათ.

„იმედი მაქვს, რომ შესაბამისი ორგანოები უმოკლეს ვადაში გამოიძიებენ, თუ ვინ უწყობს ხელს დესტაბილიზაციის გეგმას, რომელიც უკვე ფაქტს წარმოადგენს. რაც არ უნდა კიბერშეტევები განახორციელონ, რაც არ უნდა დამატებითი დესტრუქციული მოქმედებები მოიშველიონ, სახელმწიფო დგას თავის ადგილზე, კანონი დგას თავის ადგილზე და ამ კანონის ფარგლებში ყველაფერი გამოძიებული იქნება", – აღნიშნა მდინარაძემ.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა.

„კომპიუტერულ ინფრასტრუქტურაზე სხვადასხვა ქვეყნიდან კიბერშეტევა განხორციელდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა დანაყოფმა, ოპერატიული მოქმედებების შედეგად, შეტევა აღკვეთა", – ნათქვამია განცხადებაში.

უწყების ცნობით, გამოძიება კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენებისა და ხელყოფის ფაქტზე სსკ-ის 285-ე და 286-ე მუხლებით დაიწყო.