ოპოზიციამ „ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკებების განახლების პირობა დაასახელა

თუ პოლიტპატიმრების თემა არ დაიხურება, მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდება, განაცხადა ოპოზიციის წარმომადგენელმა
Sputnik

თბილისი, 23 თებერვალი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების განახლების პირობა პოლიტპატიმრების გათავისუფლებაა, განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა სალომე სამადაშვილმა დიპკორპუსთან შეხვედრის შემდეგ.

ოპოზიციამ დიპკორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრა მთავარი ოპოზიციური ძალის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას დაკავების შემდეგ გამართა. შეხვედრის შემდეგ ელჩები საქართველოში არსებული სიტუაციის გამო შეშფოთებას ვერ მალავდნენ.

„ჩვენთვის ძვირფასია ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე“: რას სთავაზობს ოპოზიციას ღარიბაშვილი

„ნიკა მელიას დაპატიმრების შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ რაიმე შეთანხმებისთვის სივრცე შეამცირა და შეავიწროვა. ჩვენი პოზიცია ნათელია, არასდროს გვითქვამს უარი მოლაპარაკებებზე, მაგრამ რამე შედეგი რომ გამოიღოს, აუცილებელია, დავინახოთ ხელისუფლების მხრიდან კონკრეტული ნაბიჯები, რაც უკავშირდება პოლიტპატიმრების თემას. ეს თემა თუ არ დაიხურა, ვერანაირი მოლაპარაკება ვერანაირ შედეგს ვერ მოიტანს“, - განაცხადა სამადაშვილმა.

ამავე დროს მან ოპოზიციის ორი მთავარი მოთხოვნა დაასახელა.

„არსებობს ორი მთავარი საკითხი – პოლიტპატიმრების, როგორც მელიას, ისე რურუას გათავისუფლება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რათა ჩვენს ქვეყანაში აღდგეს დემოკრატიული პროცესი. გვქონდა საუბარი, როგორ, რა მექანიზმებით შეიძლება დასავლეთმა უზრუნველყოს კიდევ უფრო დიდი ზეწოლა „ქართულ ოცნებაზე“, რათა მივიღოთ შესაბამისი შედეგი და სიტუაციიდან გამოსავალი ვიპოვოთ“, - განაცხადა სამადაშვილმა.

„ნაცმოძრაობის“ სხვა წარმომადგენელი, ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ მოლაპარაკებები იმ შემთხვევაში განახლდება, თუ მაგიდასთან ნიკა მელია იჯდება.

„ჩვენ მზად ვართ, მივუსხდეთ დიალოგის მაგიდას, ოღონდ იმ პირობით, რომ დიალოგის მაგიდის ერთ მხარეს უნდა იჯდეს ნიკა მელია. ეს არის ეთ-ერთი მთავარი პირობა. მეორე, როდესაც საუბრობენ პარლამენტში შემოსვლაზე, ამასაც გააჩნია კონკრეტული ფასი. ეს ფასი არის ქვეყანაში ახალი არჩევნები. ამ შემთხვევაში მზად ვართ, დავსხდეთ მაგიდასთან და განვიხილოთ კონკრეტული თარიღები, როდის ჩატარდება არჩევნები“, – აღნიშნა ზაალ უდუმაშვილმა.

ოპოზიციამ თბილისში უვადო პროტესტი გამოაცხადა

ნიკა მელია „ნაცმოძრაობის“ ოფისში სამშაბათს დილით დააკავეს. რამდენიმე საათში ოპოზიციამ ქუჩის საპროტესტო აქციების შესახებ განაცხადა. პარასკევს მასობრივი მსვლელობა-აქცია იგეგმება, სადაც რეგიონების წარმომადგენლებს ელოდებიან.

ნიკა მელიას დაკავებამ საერთაშორისო საზოგადოებაში ფართო რეზონანსი გამოიწვია. პრაქტიკულად ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ და საქართველოს დასავლელმა პარტნიორმა მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდეს.

მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა ოპოზიციას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც, რომელმაც ორშაბათს სამთავრობო პროგრამის წარდგენისას ოპოზიცია კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა.