ოპოზიციამ მელიას დაპატიმრების გამო საპროტესტო აქცია დააანონსა

ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მომხრეები „ნაცმოძრაობის" ლიდერის ნიკა მელიას დაკავების გაპროტესტებას აპირებენ.
Sputnik

თბილისი, 23 თებერვალი – Sputnik. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ, სხვა პარტიების ლიდერებთან სამოქმედო გეგმის განხილვის შემდეგ, მოქალაქეებს ნიკა მელიას დაპატიმრების გაპროტესტებისკენ მოუწოდა.

პოლიტიკოსმა შეკრების დრო და ადგილი დაასახელა: მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან დღის 3 საათზე.

„ეს დიქტატურის დამყარებაა“ – ბურჯანაძე მელიას დაკავებაზე

„ვაგრძელებთ ბრძოლას და ბრძოლა იქნება გამარჯვებამდე. დღეს ეს ოფისი არის ეპიცენტრი, რომელიც დაარბიეს, წაიღეს სერვერები, გაანადგურეს არქივი, ყველა ოთახი გაპარტახებულია... ახლა ჩვენ მივდივართ კანცელარიასთან... ყველას მინდა მოგმართოთ, ვისაც გადარდებთ ამ ქვეყნის ბედი, მობრძანდით 15:00 საათზე კანცელარიასთან“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ნიკა მელია ამ დილით სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს.

17 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ მელიას 2019 წლის 20–21 ივნისის საქმესთან დაკავშირებით დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მელიამ უარი განაცხადა გირაოს გადახდაზე, რომელიც მას აღკვეთის ალტერნატიულ ღონისძიებად შეეფარდა. გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანა შსს-ს დაევალა.

შსს: პოლიციამ გამოიყენა კანონით გათვალისწინებული პროპორციული ძალა და სპეცსაშუალებები

18 თებერვალს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა, რის მიზეზადაც ნიკა მელიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით მმართველ გუნდთან აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა. 

პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკა მელიას დაკავების ღონისძიება დროებით გადადო.

გუშინ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც კანონმდებლების წინაშე პრემიერობის კანდიდატის რანგში წარდგა, პარლამენტის ტრიბუნიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას დაპატიმრება დააანონსა და განაცხადა, რომ კანონი უნდა აღსრულდეს ყველა ადამიანის მიმართ, ვინც კანონის ფარგლებს გასცდა.