თბილისი, 23 თებერვალი – Sputnik. თბილისის გარეუბანში, კახეთის გზატკეცილზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის ნიკა მელიას დაკავების სპეცოპერაცია დაიწყო.
„ნაცმოძრაობის“ ოფისი გარშემორტყმულია პოლიციელებით, მათ შორისაა სწრაფი რეაგირების რაზმი სეციალური აღჭურვილობით.
წინასწარი ინფორმაციით, შენობაში დაახლოებით ათასამდე ადამიანი იმყოფება, რომლებიც აცხადებენ, რომ პოლიციას მელიას დაკავების ნებას არ მისცემენ. ისინი შენობაში არიან ჩაკეტილი და ჰიმნს მღერიან.
პოლიციამ ადგილზე მიიყვანა სახანძრო მანქანები, კიბეები შენობის სახურავს მიაბჯინეს, ამწეზე სპეცაღჭურვილობას ტვირთავენ.
კახეთის გზატკეცილი პარტიის ოფისთან გადაკეტილია.
პოლიციამ ნიკა მელიას ნახევარსაათიანი ვადა მისცა იმისთვის, რომ მან შენობა დატოვოს და პოლიციას ჩაბარდეს.
შსს განცხადებას ავრცელებს, სადაც ადგილზე შეკრებილ მოქალაქეებს აფრთხილებს, ხელი არ შეუშალონ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას. ამისთვის მათ გონივრული ვადა მისცეს.
„მოვუწოდებთ როგორც პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს, ასევე მათ მხარდამჭერებს, პროტესტი გამოხატონ მშვიდობიანი ფორმით, თავი შეიკავონ ძალადობრივი ქმედებებისგან და ხელი არ შეუშალონ პოლიციის წარმომადგენლებს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაში", – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
პოლიციის მიერ დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი ძალადობის მცდელობის ნებისმიერი ფაქტი, ხოლო საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევი ნებისმიერი პირი პასუხს აგებს კანონის სრული სიმკაცრით, აცხადებენ უწყებაში.
მასალა განახლების პროცესშია