„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანი დააკავეს

მას შემდეგ, რაც „ნაცმოძრაობის“ ლიდერს ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, პარტიის ოფისში მისი მხარდამჭერები 24-საათიან რეჟიმში მორიგეობენ.
Sputnik

თბილისი, 23 თებერვალი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანი დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო 10-ზე მეტი ადამიანია დაკავებული, მათ შორის ოპოზიციონერი ირაკლი ნადირაძე.

სპეცრაზმი „ნაცმოძრაობის" ოფისში შევიდა

ამ წუთებში თბილისის გარეუბანში, კახეთის გზატკეცილზე „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავების სპეცოპერაცია მიმდინარეობს. „ნაცმოძრაობის“ ოფისი გარშემორტყმულია პოლიციელებით, მათ შორისაა სწრაფი რეაგირების რაზმი სეციალური აღჭურვილობით.

სპეცრაზმი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში შევიდა. შენობიდან ხალხის გამოყვანა მიმდინარეობს. მათ შენობიდან უკვე გამოიყვანეს რამდენიმე ოპოზიციონერი, ასევე პარტიის თანამშრომელი.

კახეთის გზატკეცილი პარტიის ოფისთან გადაკეტილია.

შსს განცხადებას ავრცელებს, სადაც ადგილზე შეკრებილ მოქალაქეებს აფრთხილებს, ხელი არ შეუშალონ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას.