მელიას დაკავება „ქართულ ოცნებას“ წერტილს დაუსვამს – ოპოზიციის ლიდერების განცხადებები

„Sputnik-საქართველომ“ თავი მოუყარა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების კომენტარებს დღის მთავარ მოვლენაზე – ქვეყნის მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის ნიკა მელიას დაკავების ფაქტზე.
Sputnik

თბილისი, 23 თებერვალი – Sputnik. პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილის დანიშვნისთანავე საქართველოს ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას დაკავების ფაქტს მისი თანამოაზრეები აფასებენ. 

როგორც ოპოზიციაში აღნიშნავენ, დღევანდელი მოვლენები საქართველოს პროდასავლურ განვითარებას საფრთხის ქვეშ აყენებს. 

მელიას დაკავება „ქართულ ოცნებას“ წერტილს დაუსვამს – ოპოზიციის ლიდერების განცხადებები

პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ დღეს, დილით განვითარებული მოვლენების წყალობით დიდი ხნით გადაიდო ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა.

„საქართველოს განვითარებას და ცივილიზებული, თავისუფალი სამყაროსკენ მისწრაფებას, რომელსაც ჩვენ ნატოსა და ევროკავშირს ვუწოდებთ, წერტილი დაესვა. ეს ნაბიჯი გადაიდგა, ყველაფერი დანარჩენი – ტექნიკური საკითხია. არავინ არც ნატოში და არც ევროკავშირში არ მიიღებს ქვეყანას, სადაც ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის ლიდერს აკავებენ“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ. 

მელიას დაკავება „ქართულ ოცნებას“ წერტილს დაუსვამს – ოპოზიციის ლიდერების განცხადებები

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას თქმით, დღეს ივანიშვილმა საკუთარ თავს „წერტილი დაუსვა“.

„მე პირადად, როგორც ბევრი სხვა ადამიანი, ვპირდები ივანიშვილს, რომ დღევანდელი დღე მისთვის წყალგამყოფი გახდება. დღეს მან საკუთარ თავს წერტილი დაუსვა, მას უკვე აღარ შეუძლია ამ ქვეყანაში ცხოვრება, ამ ქვეყანაში მისი ადგილი არ არის“, – აღნიშნა უგულავამ.

პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ნიკა მელიას დაკავებას ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის საფრთხე უწოდა. 

მელიას დაკავება „ქართულ ოცნებას“ წერტილს დაუსვამს – ოპოზიციის ლიდერების განცხადებები

„საუბარია არა მელიას, არამედ დემოკრატიული ინსტიტუტების თავისუფლებაზეც. ამ ქვეყანაში ერთი ადამიანის მმართველობა უნდა დასრულდეს. დემოკრატიისა და კანონის გარეშე ამ ქვეყანაში ჩვენს შვილებს მომავალი არ აქვს. ხალხო, იბრძოლეთ შვილებისთვის!“ – განაცხადა ხაზარაძემ.

მისი თქმით, ქვეყნის მომავლისთვის აუცილებელია რიგგარეშე არჩევნების ან პლებისციტის ჩატარება.

პოლიტიკოს ელენე ხოშტარიას აზრით, დღევანდელი მოვლენები ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ქართული საზოგადოებისთვის, თავისი მოქალაქეებისთვის კიდევ ერთი სერიოზული გამოწვევაა. მისი სიტყვებით, საზოგადოება პროტესტის გამოსახატად დღეს მთავრობის კანცელარიის შენობასთან უნდა შეიკრიბოს. 

მელიას დაკავება „ქართულ ოცნებას“ წერტილს დაუსვამს – ოპოზიციის ლიდერების განცხადებები

„ადამიანები ძალიან დიდხანს ითხოვდნენ სასწრაფო დახმარებას, მაგრამ პასუხი არ იყო. ეს იყო სისასტიკე, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა ღარიბაშვილის ხელით დაგვანახა. ჩვენი პოზიცია უცვლელია: ჩვენ ვართ ერთიანი, მშვიდობიანი, პრინციპული და ვაგრძელებთ დაუმორჩილებლობას. დღეს კანცელარიასთან 15:00 საათზე ველოდებით ყველას, ყველა იმ მოქალაქეს, რომლებიც აფასებენ თავისუფლებისთვის ბრძოლას, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი თავს ესხმის“, – აღნიშნა ხოშტარიამ.

საქართველოს ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია სამშაბათს, დილით სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. მელია ფიგურირებს 2019 წლის 20–21 ივნისის ღამით მასობრივი არეულობის ორგანიზების საქმეში. მან უარი განაცხადა გირაოს გადახდაზე. პროკურატურამ მისი დაკავება მოითხოვა. 17 თებერვალს სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.