აქციის მონაწილეებმა პარლამენტის წინ კარვები გაშალეს

აქციის მონაწილეები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას დაკავებას აპროტესტებენ და მის გათავისუფლებას ითხოვენ.
Sputnik

თბილისი, 23 თებერვალი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის შენობის წინ შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს და კარვები გაშალეს, იუწყება „პირველი არხი“. 

მთავრობის სახლთან ოპოზიციის მომხრეები იკრიბებიან

23 თებერვალს, დილით შსს-ს სპეციალური დანიშნულების რაზმმა მთავარი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია პარტიის ოფისში დააკავა.

მომხდარი ფაქტის შემდეგ ოპოზიციონერმა ლიდერებმა მოქალაქეებს საპროტესტო აქციაზე მოსვლისკენ მოუწოდეს და სახალხო–განმათავისუფლებელი მოძრაობის დაწყების შესახებ განაცხადეს.

ოპოზიციონერი ლიდერები მოქალაქეებთან ერთად მთავრობის ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ, მოგვიანებით კი რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლეს.

გავრცელებული ინფორმაციით, აქციის მონაწილეებს სამართალდამცველებმა კარვების გაშლაში ხელი არ შეუშალეს.

დღეს გამართულ აქციაზე ოპოზიციამ 26 თებერვალს ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია–მსვლელობაც დააანონსა. როგორც დღევანდელ აქციაზე „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა, 26 თებერვალს აქცია 15:00 საათზე ფილარმონიიდან მსვლელობით დაიწყება.

ნიკა მელია 2019 წლის 20–21 ივნისს მასობრივი არეულობების ორგანიზების საქმეში ფიგურირებს. მან უარი განაცხადა შეფარდებული გირაოს მეორედ გადახდაზე. პროკურატურამ გამოძიების პერიოდში მისი წინასწარი პატიმრობა მოითხოვა. სასამართლომ 17 თებერვალს პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. შსს-მ 18 თებერვალს მელიას დაკავება გადადო, რისი მიზეზიც გიორგი გახარიას მიერ თანამდებობის დატოვება გახდა.