ინდიელთა ბელადი Jeep-ს მოუწოდებს, აღარ გამოიყენონ ტომის დასახელება

მარკა Jeep ინდიელთა ტომის დასახელებას საკუთარ პროდუქციაზე 1974 წლიდან იყენებს, როდესაც საზოგადოებას პირველად წარუდგინა Jeep Cherokee.
Sputnik

თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. ამერიკელი ინდიელების ტომის ჩეროკის ბელადმა საავტომობილო მარკა Jeep-ს მოუწოდა, შეწყვიტოს ხალხის სახელწოდების გამოყენება მანქანების — Jeep Cherokee-სა და Jeep Grand Cherokee-ს დასახელებებში.

​როგორც ჩეროკის ბელადმა ჩაკ ჰოსკინ–უმცროსმა ტელეარხ CNN-ის ეთერში განაცხადა, დადგა დრო, როცა აშშ-ის კორპორაციებმა და სპორტულმა გუნდებმა უარი უნდა თქვან მკვიდრი ამერიკელების „დასახელებების, გამოსახულებებისა და თილისმების“ გამოყენებაზე საკუთარ პროდუქციაში.

მისი თქმით, Jeep-ის მხრიდან მართებული არ არის ავტომობილების გასაყიდად ტომის დასახელების გამოყენება, ვინაიდან ეს ინდიელებს „პატივს არ სდებს“.

„დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ამას კეთილი ზრახვებით აკეთებენ, მაგრამ ჩვენ პატივს არ გვდებს ის ფაქტი, რომ ჩვენი სახელი ავტომობილის ბორტზეა გაკრული“, — განაცხადა ბელადმა.

ამაზე პასუხად Jeep-მა განაცხადა, რომ ავტომობილების დასახელებებს „დეტალურად არჩევენ და საგულდაგულოდ უფრთხილდებიან, რათა პატივი სცენ და განადიდონ ინდიელები მათი კეთილშობილების, სიმამაცისა და სიამაყის გამო“. ამასთან კონცერნში აღნიშნეს, რომ მზად არიან ბელად ჩაკ ჰოსკინ–უმცროსთან დიალოგისთვის.

აღსანიშნავია, რომ „ჯიპი“ დასახელება „ჩეროკს“ თავისი ავტომობილებისთვის 1974 წლიდან იყენებს. სწორედ მაშინ წარმოადგინეს მათ პირველი „ჯიპ ჩეროკი“, ხოლო 1993 წელს უკვე „ჯიპ გრანდ–ჩეროკი“ გამოუშვეს.