საქართველოში ვაქცინის შემოტანა გადაიდო

აქამდე ხელისუფლება აცხადებდა, რომ ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია თებერვლის ბოლოს უნდა შემოსულიყო.
Sputnik

თბილისი, 22 თებერვალი – Sputnik. საქართველოში COVID-19–ის საწინააღმდეგო ვაქცინის შემოტანის გადავადებამ საზოგადოებაში უკმაყოფილება გამოიწვია. 

გამყრელიძე: ქვეყანაში ვაქცინაცია მარტის პირველ ორ კვირაში დაიწყება

სოცქსელებში აღშფოთებას ვერ მალავენ, რომ ბევრ ქვეყანაში მოქალაქეთა ვაქცინაცია დიდი ხანია დაიწყო, საქართველოში კი ერთი ადამიანიც არ აცრილა.

„ევროპა ამთავრებს, საქართველო კი ბოლოა“, – წერს ლევან ქორიძე.

„2030 წელში იქნება“, – ასეთ პროგნოზს აკეთებს ჩადუნელი.

გუშინ, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ საქართველოში ვაქცინის შემოტანის პირველი პროცესი ორი კვირით გადაიწია.

 „ყოველთვის ყველა შეთანხმება ზუსტ დროში ვერ სრულდება. გადაიწია პროცესმა, სავარაუდოდ ერთი, მაქსიმუმ 2 კვირით“, – განაცხადა ცერცვაძემ.

მისი თქმით, ხელისუფლება აქტიურად მუშაობს ვაქცინის მწარმოებელ სხვადასხვა კომპანიებთან.

 „წლის განმავლობაში უნდა აიცრას მოსახლეობის 60%. ვფიქრობ, ეს წარმატებული იქნება პანდემიასთან ბრძოლაში. ამას დაემატება ის 15%, ვისაც გადატანილი აქვს კოვიდ-ინფექცია“, - აცხადებს ცერცვაძე. 

COVID-19 საქართველოში – 22 თებერვლის მონაცემები

მისი განმარტებით, თუ მოსახლეობის 80% ვირუსისადმი იმუნური იქნება, პანდემია საფრთხის შემცველი აღარ იქნება.

დღემდე ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ საქართველო თებერვლის ბოლოს პირველ ეტაპზე 29 250 დოზა Pfizer-ის ვაქცინას მიიღებდა მედპერსონალის ვაქცინაციისთვის. ქვეყანაში უკვე შემოტანილია აცრისთვის განკუთვნილი 50 ათასი სპეციალური შპრიცი. ვაქცინაციის დასაწყებად უკვე მზადაა ცხრა სამედიცინო დაწესებულება, რომელთა რაოდენობა ახლო მომავალში 15–მდე გაიზრდება.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 147-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 268.502-ს მიაღწია.

ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.