საქართველოდან ექსპორტზე მანდარინის რეკორდული რაოდენობა გავიდა

წინა სეზონთან შედარებით, მანდარინის ექსპორტის მოცულობა 25%-ით არის გაზრდილი, ხოლო ქვეყნის მიერ მიღებული შემოსავალი – 17%-ით
Sputnik

თბილისი, 22  თებერვალი – Sputnik. საქართველოდან მოსავლის სეზონის დაწყებიდან დღემდე 39.3 ათასი ტონა მანდარინის ექსპორტი განხორციელდა, რაც რეკორდულია უკანასკნელი 10 წლის მაჩვენებლების მიხედვით, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

საქართველომ  თხილის ექსპორტისგან 86 მლნ დოლარზე მეტი შემოსავალი მიიღო

უწყების ცნობით, ექსპორტირებული მანდარინის ღირებულებამ  19.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

2020 წლის 1 აგვისტოდან 2021 წლის 21 თებერვლამდე პერიოდში განხორციელებული მანდარინის ექსპორტის მოცულობა 7.9 ათასი ტონით (25%), ხოლო ექსპორტის ღირებულება 2.8 მლნ აშშ დოლარით (17%) აღემატება 2019-2020 წლებში ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს.

2020 წელს წარმოებული მანდარინის ექსპორტი ძირითადად განხორციელდა რუსეთის ფედერაციაში (22.6 ათასი ტონა), სომხეთსა (8.9 ათასი ტონა) და უკრაინაში (5.3 ათასი ტონა).

აღნიშნული ქვეყნების გარდა, ექსპორტი განხორციელდა აგრეთვე მოლდოვაში, თურქმენეთში, ბელორუსიაში, ყაზახეთში, ლიეტუვაში, სლოვენიაში, ტაჯიკეთში, ყირგიზეთში, აზერბაიჯანში, აშშ-სა და გერმანიაში.