ირაკლი ღარიბაშვილი ფარმაცევტულ ბიზნესზე: უზარმაზარი მოგებით მუშაობენ

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მედიკამენტების ფასების სახელმწიფოს მხრიდან კონტროლის აუცილებლობაზე და ამ მიმართულებით ევროკავშირში არსებული გამოცდილების გაზიარების საჭიროებაზე ისაუბრა
Sputnik

თბილისი, 22 თებერვალი – Sputnik. საქართველოში მედიკამენტების ფასები გონივრულ ჩარჩოებში მოქცევას საჭიროებს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, აღნიშნულ საკითხში შესაძლებელია ევროკავშირის გამოცდილების გაზიარება.

„საკითხი არის მიშვებული და უზარმაზარი მარჟებით, უზარმაზარი მოგებით მუშაობენ და ზრდიან მედიკამენტის ფასს ისე, რომ არავითარი კონტროლი და არავითარი რეგულაციების საშუალება არ გვაქვს, რაც მიუღებელია და საჭიროებს გარკვეულ გონივრულ ჩარჩოებში მოქცევას, საკითხის დარეგულირებას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
სახელმწიფომ ონკოპაციენტების მკურნალობის დაფინანსება გაზარდა

მან პირობა დადო, რომ აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა სამუშაო ჯგუფის ფორმატში უმოკლეს დროში გაიმართება.

სხვადასხვა კვლევის თანახმად, საქართველოში მედიკამენტებზე დანახარჯის წილი „ჯიბიდან გადახდებში“ ბოლო წლების განმავლობაში სტაბილურად მაღალ ნიშნულს ინარჩუნებს. მედიკამენტებზე ფასების შემცირების აუცილებლობაზე გასული წლის დეკემბერში ყოფილი პრემიერი გიორგი გახარიაც საუბრობდა.

საქართველოს მთავრობის მეთაურის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც გიორგი გახარიამ გადადგომის შესახებ განაცხადა. პოლიტიკოსმა ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის ფონზე მიიღო და აღნიშნა, რომ თავის გუნდთან ვერ მიაღწია თანხმობას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებულ საკითხზე.

მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ პრემიერის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურა წამოაყენა. 

ახლა ღარიბაშვილი დეპუტატების კითხვებზე პასუხობს, რის შემდეგაც მისი მთავრობისთვის ნდობის გამოსაცხადებლად კენჭისყრა გაიმართება.

ნდობის მოსაპოვებლად მთავრობას პარლამენტის მინიმუმ 76 დეპუტატის ხმა სჭირდება. თუ პრემიერის კანდიდატურა ხმების საჭირო რაოდენობას ორჯერ ვერ მოაგროვებს, პრეზიდენტს პარლამენტის დათხოვნისა და ახალი არჩევნების დანიშვნის უფლება აქვს.