„მდუმარე აქცია“ ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან

აქციის მონაწილეები მმართველ გუნდს რიგგარეშე არჩევნების თარიღის დანიშვნას სთხოვენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია
Sputnik

 

თბილისი, 22 თებერვალი  — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან  ახალგაზრდული ორგანიზაცია „მოძრაობა საქართველოსთვის“ აქტივისტები „მდუმარე აქციას“  ატარებენ. 

ღარიბაშვილი საქართველოს განვითარების ათწლიან გეგმას წარმოადგენს

საპროტესტო აქცია პარლამენტში საქართველოს პრემიერ–მინისტრობის კანდიდატ ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლის პარალელურად იმართება.

აქტივისტები რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ. ივანიშვილის სახლთან ვითარებას პოლიცია აკონტროლებს.

 „ჩვენ აქ იმისთვის მოვედით, რომ კიდევ ერთხელ დავადასტუროთ, რომ ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა, ის მართავს პროცესებს და ღარიბაშვილი მისი პირადი მონაა. ჩვენ პროტესტს მანამდე გავაგრძელებთ, ვიდრე მიზანს არ მივაღწევთ“, – განაცხადა ერთ–ერთმა აქტივისტმა გიორგი მუმლაძემ.

აქციის მონაწილეების თქმით, ისინი საპროტესტო აქციებს 90 დღის განმავლობაში ატარებენ და ასე გააგრძელებენ, ვიდრე არჩევნების თარიღი არ დასახელდება.

მანამდე საპროტესტო აქცია გაიმართა მშვიდობის ხიდთან. აქტივისტები მოგვიანებით საკანონმდებლო ორგანოსთან გადანაცვლებას გეგმავენ.