საქართველოში აბიტურიენტებისთვის სიახლეები იგეგმება

ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოში 2005 წელს დაინერგა და იგი კრიტიკის საგანი არაერთხელ გამხდარა არამარტო პედაგოგებისა და ექსპერტების, არამედ აბიტურიენტების მხრიდანაც.
Sputnik

თბილისი, 21 თებერვალი - Sputnik. უნივერსიტეტებმა ეროვნული გამოცდების ქულასთან ერთად, შესაძლოა, სკოლის საშუალო ნიშანი და მასწავლებლების რეკომენდაციებიც გაითვალისწინონ, განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა, მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.

ჩხენკელის განცხადებით, საქართველოში მოქმედი ერთიანი ეროვნული გამოცდების ფორმა საჭიროებს როგორც სტრუქტურულ, ასევე შინაარსობრივ რეფორმას.

ცნობილი გახდა სკოლებში ექსტერნატის ფორმით გამოცდების და მსურველთა რეგისტრაციის თარიღები

მინისტრობის კანდიდატის განმარტებით, ამჟამად საქართველოში ყველა უნივერსიტეტს აქვს იმის თავისუფლება, რომ ეროვნული გამოცდების ფორმატში საკუთარი სტანდარტი თავად დაამკვიდროს.

„ჩვენ ვიხილავთ ასეთ მიდგომას, რომ რეფორმირებული ეროვნული გამოცდების ქულასთან ერთად გაითვალისწინონ სხვა კომპონენტებიც, როგორიც არის სკოლის საშუალო ნიშანი, რეკომენდაციები მასწავლებლებისგან და კლასგარეშე მუშაობა. ეს დიდი ხანია ამერიკაში აპრობირებულია და ძალიან კარგად მუშაობს. ჩვენც შეგვიძლია ანალოგიური მოდელის დანერგვა“, - აღნიშნა მიხეილ ჩხენკელმა.

2020 წელს  საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები ახალი მოდელით ჩატარდა, კერძოდ, აბიტურიენტებმა ოთხის ნაცვლად, სამი გამოცდა ჩააბარეს – ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და ერთი საგანი შერჩევით – ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, სახვითი და გამოყენებით ხელოვნება ან სამოქალაქო განათლება.

რაც შეეხება გრანტებს, სტუდენტებისთვის გრანტი სამი საგნის შედეგის მიხედვით გაიცემა. თუმცა, თუ უმაღლესმა სასწავლებელმა მეოთხე საგანი მოითხოვა, აბიტურიენტს დაფინანსების მოპოვების კიდევ ერთი შესაძლებლობა აქვს.