თბილისი, 21 თებერვალი – Sputnik. საქართველოს ოპოზიცია მზად არის გადადოს 25 თებერვალს დაანონსებული საპროტესტო აქცია, რათა მოლაპარაკებების დასაწყებად შესაძლებლობა გაჩნდეს, განაცხადა მთავარი ოპოზიციური პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ.
საქართველოში ამ კვირაში პოლიტიკური კრიზისი კიდევ უფრო გამწვავდა სასამართლოს მიერ „ნაცმოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების შემდეგ. რასაც, თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომა მოყვა. მან ღიად განაცხადა უთანხმოების შესახებ მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოსთან, ხოლო გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებმა განაცხადეს, რომ არ დაუშვებენ მელიას დაკავებას და მზად არიან ის ფიზიკურად დაიცვან.
რამდენიმე დღის წინ რადიკალურმა ოპოზიციამ 25 თებერვალს და 13 მარტს მასშტაბური საპროტესტო აქციები დააანონსა. მთავარ მოთხოვნას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება წარმოადგენს.
დღესვე ოპოზიციის ლიდერებმა გამართეს შეხვედრა ლიეტუვის სეიმის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ჟიგიმანტას პავილიონისთან. ის თბილისში ჩამოვიდა როგორც საერთაშორისო შუამავალი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. შაბათს პავილიონისი მმართველი პარტიის წარმომადგენლებს შეხვდა.
„ჩვენ მზად ვართ, მოლაპარაკებების შეთანხმების პარალელურად, კვლავ მივცეთ ვადა, კომპრომისის სივრცე ხელისუფლებას და გადავდოთ დაანონსებული აქცია იმისთვის, რომ დასხდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან. იმისთვის, რომ შეასრულონ მათ შორის ჩვენი პარტნიორების მოთხოვნები, როგორიც იყო კონგრესიდან, სენატიდან და ყველა იმ საერთაშორისო აქტორიდან, რომელიც ფიქრობს, რომ საქართველოში უმძიმესი პოლიტიკური კრიზისია", - განაცხადა დეკანოიძემ.
მისი თქმით, რიგგარეშე არჩევნების ჩატარების შემდეგ, რასაც ოპოზიცია დაჟინებით მოითხოვს, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს პოლიტიკური ნიშნით მოქალაქეთა დევნა.