ქართველმა ძიუდოისტებმა თელ-ავივის „გრანდ სლემზე“ რვა მედალი მოიპოვეს - ვიდეო

ქართველმა ძიუდოისტებმა ისრაელის ქალაქ თელ-ავივში გამართულ „გრანდ სლემზე“ რვა მედლის მოპოვება შეძლეს. ყველაზე შედეგიანი ქართველებისთვის მესამე საჭიდაო დღე გამოდგა.
Sputnik

თბილისი, 20 თებერვალი - Sputnik. ისრაელის ქალაქ თელ-ავივში „დიდი სლემის“ სერიის ტურნირზე (TEL AVIV GRAND SLAM 2021) ქართველმა ძიუდოისტებმა ასპარეზობა დაასრულეს. ტურნირის ბოლო საჭიდაო დღეს ქართველებმა ხუთი მედალი მოიპოვეს.

„გრანდ სლემის“ ბოლო საჭიდაო დღეს პირველი შეხვედრა ბრინჯაოს მედლისთვის ბექა ღვინიაშვილმა (90კგ) აზერბაიჯანელ მამადალი მეჰდიევთან გამართა და იპონით გაიმარჯვა.

ამავე წონით კატეგორიაში ფინალში იჭიდავა ლაშა ბექაურმაც (-90 კგ), რომელიც ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილს დაუპირისპირდა. ბექაურმა დასაწყისშივე ვაზარის მოპოვება შეძლო და შეხვედრა ბოლომდე უპირატესობით მიიყვანა. აღნიშნული გამარჯვებით ბექაურმა ისრაელში პირველი ქართული ოქრო მოიპოვა.

ბრინჯაოს მედლის მოსაპოვებლად 100კგ-მდე წონით კატეგორიაში ერთმანეთს ქართველები დაუპირისპირდნენ. ორთაბრძოლის შუა ნაწილში ილია სულამანიძემ ონისე სანებლიძის დაგდება მოახერხა, რასაც მისი მხრიდან კიდევ ერთი გდება მოჰყვა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

მძიმე წონით კატეგორიაში მოასპარეზე გურამ თუშიშვილმა (+100 კგ) ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ბელარუსი მოჭიდავე ალექსანდრ ვახავიაკი დაამარცხა. გურამის აქტიურობას პირველივე წუთზე მოპოვებული ვაზარი მოჰყვა, ხოლო შეხვედრის შუა ნაწილში ქართველმა გოლიათმა კიდევ ერთი გდება შეასრულა, რითაც საქართველოს კიდევ ერთი მედალი შემატა. აღსანიშნავია, რომ თუშიშვილმა ნახევარფინალური ბრძოლა გელა ზაალიშვილთან (+100 კგ) დათმო, რომელმაც ფინალში რუს ტამერლან ბაშაევთან უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა და საქართველოს მეორე ოქრო აჩუქა. ზაალიშვილმა მოწინააღმდეგე თავისსავე ილეთზე წამოაგო და შეხვედრა ულამაზესი გდებით დაასრულა.

ამგვარად, ქართველმა ძიუდოისტებმა ისრაელში გამართულ „გრანდ სლემზე“ სულ რვა მედლის მოპოვება შეძლეს. პირველ საჭიდაო დღეს ეთერ ლიპარტელიანმა (ბრინჯაო) და თემურ ნოზაძემ (ვერცხლი) მოახერხეს კვარცხლბეკზე ასვლა. ტურნირის მეორე დღეს კი საქართველომ მხოლოდ ერთ მედალი მოიპოვა. ნუგზარ ტატალაშვილმა ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში შვედი ძიუდოისტი დაამარცხა.

საერთოგუნდურ ჩათვლაში საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა პირველი ადგილი დაიკავა -  - ორი ოქრო, ერთი ვერცხლი და ოთხი ბრინჯაო. მეორე ადგილზე ესპანეთის ნაკრებია (1-1-0), მესამე ადგილი უზბეკეთის და ნიდერლანდების ძიუდოისტებმა გაიყვეს (1-0-2).