თბილისი, 20 თებერვალი - Sputnik. სამოქალაქო აქტივისტმა გიორგი ჩალაძემ შაბათს პარლამენტთან კარვის დადგმა სცადა, იუწყება ადგილიდან Sputnik-საქართველოს კორესპონდენტი.
„მოვედი თეთრი პერანგით, როგორც მშვიდობის სიმბოლო. ეს 60 სანტიმეტრიანი კარავია. ამას იმდენჯერ ვიზამ, რამდენჯერაც იმუშავებენ“, - განაცხადა ჩალაძემ.
ჩალაძემ კარვის დადგმა სცადა, მაგრამ პოლიციამ მას ხელი შეუშალა იმ საბაბით, რომ ხვალ პარლამენტთან ღონისძიებაა დაგეგმილი.
მაშინ ჩალაძემ კარავი პირდაპირ პოლიციის წინ გაშალა.
„შეეგუეთ. ამ ქვეყანაში კარვების ფობია უნდა დასრულდეს“, - განაცხადა ჩალაძემ.
ის ამ ადგილზე ერთი კვირის განმავლობაში კონფლიქტების მოგვარების თემაზე საჯარო ლექციების გამართვას აპირებს.
პარასკევს რამდენიმე ათეული სამოქალაქო აქტივისტი ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით პარლამენტთან საპროტესტო აქციას მართავდა. მომიტინგეებმა პარლამენტის სამსახურებრივ შესასვლელთან რამდენიმე თვის წინ დადგმული კარვის გადატანა რუსთაველის გამზირის მხრიდან ცენტრალურ შესასვლელთან სცადეს. მათ ხელი პოლიციამ შეუშალა, შემდეგ დაიწყო შეტაკებები და დაკავებები. არეულობის შედეგად დააკავეს 25 ადამიანი, რომლებიც მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.