„ევროპელი სოციალისტები“ ღარიბაშვილის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერენ

პარტიის წევრის, ფრიფონ ინჯიას თქმით, ახალი მთავრობა მათი პარტიის წევრების მხარდაჭერას მოიპოვებდა იმ შემთხვევაში, თუ იქნებოდა კოალიციური
Sputnik

თბილისი, 20 თებერვალი – Sputnik. პარტია „ევროპელი სოციალისტების“ საპარლამენტო ჯგუფი პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარდგენილ ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურასთან დაკავშირებით კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებისგან თავს შეიკავებს.

პარტია ახალ მთავრობაზე პასუხისმგებლობას მმართველ გუნდს აკისრებს.

„ირაკლი ღარიბაშვილი გახლავთ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის მიერ წარდგენილი კანდიდატურა.  რამდენად სწორია  ეს გადაწყვეტილება, ამას  დრო აჩვენებს.  ეს არის მმართველი პარტიის პრეროგატივა. აქედან გამომდინარე, შედეგებზე პასუხისმგებლობა ეკისრება მმართველ გუნდს. „ევროპელი სოციალისტების“  საპარლამენტო გუნდი  ღარიბაშვილის კანდიდატურასთან დაკავშირებით კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებისგან თავს შეიკავებს“ - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც პარტიის Facebook-გვერდზე პარასკევს გამოქვეყნდა.

პარლამენტი მთავრობის განახლებულ შემადგენლობას 22 თებერვალს უყრის კენჭს

პარტიის წევრი ფრიფონ ინჯია აცხადებს, რომ ახალი პრემიერის კანდიდატურა მათ მხარდაჭერას მოიპოვებდა იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა კოალიციური იქნებოდა.

„პასუხისმგებლობა პრემიერ-მინისტრის არჩევაზე ამ შემთხვევაში ეკისრება მმართველ გუნდს. ეს რომ ყოფილიყო კოალიციური მთავრობა, სადაც ჩვენც მივიღებდით მონაწილეობას, მაშინ სხვა საქმეა“, - განაცხადა ინჯიამ.

თუმცა პარტიის კიდევ ერთმა წევრმა, დავით ზილფიმიანმა მანამდე განაცხადა, რომ ფრაქცია ღარიბაშვილი მხარდაჭერას აპირებს.

პარასკევს ასევე ცნობილი გახდა, რომ საპარლამენტო ოპოზიციური პარტია „მოქალაქეებიც“ არ დაუჭერს მხარს ახალ მთავრობას.

მთავრობის ახალ შემადგენლობაში მხოლოდ ორი ახალი მინისტრი იქნება - თავდაცვის სამინისტროს ჯუანშერ ბურჭულაძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კი - ირაკლი ქარსელაძე უხელმძღვანელებს. 

20-21 თებერვალს მინისტრობის კანდიდატების მოსმენა საპარლამენტო კომიტეტებში გაიმართება. 22 თებერვალს პრემიერობის კანდიდატი და კაბინეტი პოლიტიკურ ჯგუფებს - საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციას შეხვდებიან. ამავე დღეს პარლამენტი, პლენარული სხდომის ფორმატში, ნდობის გამოცხადებაზე გადაწყვეტილებას მიიღებს.

ვინ არიან მინისტრთა კაბინეტის ახალი სახეები

ნდობის მოსაპოვებლად მთავრობას პარლამენტის მინიმუმ 76 დეპუტატის ხმა სჭირდება. თუ პრემიერის კანდიდატურა ხმების საჭირო რაოდენობას ორჯერ ვერ მოაგროვებს, პრეზიდენტს პარლამენტის დათხოვნისა და ახალი არჩევნების დანიშვნის უფლება აქვს.

ამჟამად ოპოზიციას პარლამენტში ორი პარტია – „მოქალაქეები“ (ორი დეპუტატი) და უკვე არჩევნების შემდეგ შექმნილი პარტია „ევროპელი სოციალისტები“ წარმოადგენენ. ეს უკანასკნელი „პატრიოტთა ალიანსიდან“ გასული ოთხი დეპუტატია. დანარჩენი ოპოზიციური პარტიები პარლამენტის მუშაობაში არ მონაწილეობენ.