თბილისში მცხოვრებ 41 ოჯახს საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად დაუკანონდა

პროექტის ფარგლებში უკვე 1.500-მდე ოჯახის განაცხადი დაკმაყოფილდა. დაუკანონებელი ქონების საკუთრებაში გადაცემის პროგრამა მომავალშიც გაგრძელდება, აცხადებენ მერიაში.
Sputnik

თბილისი, 20 თებერვალი - Sputnik. თბილისის მერმა კახა კალაძემ მცხოვრებ 41 ოჯახს საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად გადასცა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

ისნისა და სამგორის რაიონებში მცხოვრებ ოჯახებს ფართები ერთ ლარად გადაეცათ.

აღნიშნულ ოჯახებს წლების განმავლობაში საკუთარი საცხოვრებლების დაკანონების პრობლემა ჰქონდათ. კალაძის განცხადებით დაუკანონებელი ქონების საკუთრებაში გადაცემის პროგრამას დედაქალაქის მერია მომავალშიც გააგრძელებს.

„ეს არის ძალიან კარგი პროგრამა, რომელიც ჩვენ წამოვიწყეთ. წინასაარჩევნო დაპირება იყო და ბევრი ოჯახი დავაკმაყოფილეთ. მოხარული ვარ, რომ ამდენი ოჯახი გავაბედნიერეთ. ყველამ ნახა, რამხელა სიხარული იყო”, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კალაძემ ასევე იმ ოჯახებს მიმართა, რომლებსაც საცხოვრებელი ფართი დაკანონების პრობლემა აწუხებთ. დედაქალაქის მერის განმარტებით, მათ შეუძლიათ თავიანთ რაიონულ გამგეობებს მიმართონ, სადაც ზედმიწევნით აუხსნიან თუ რა დოკუმენტაციის წარდგენაა აუცილებელი იმისთვის, რათა დაიკანონონ მათ საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართები.

უწყების ცნობით, ამ ეტაპზე 1.500-დე ოჯახია დაკმაყოფილებული. გარდა ამისა, თბილისის მერიაში კვლავ გრძელდება შემოსული განაცხადების განხილვა და დაკმაყოფილება.

შეხვედრაზე იმყოფებოდნენ ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი თავართქილაძე, სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე, ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე, ასევე, პარლამენტისა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები.