თბილისი, 19 თებერვალი – Sputnik. საქართველოს საბანკო ასოციაცია მოსახლეობას კიბერთაღლითობის ახალი სქემის შესახებ აფრთხილებს.
ასოციაციის ინფორმაციით, დაზარალებულთა შორის კრიპტოვალუტით მოვაჭრეები და ასევე ის პირები არიან, რომლებიც საბანკო ანგარიშებს ფლობენ.
„თაღლითობის ახალი სქემის მიხედვით, კიბერდამნაშავეები კრიპტოვალუტით მოვაჭრეს Telegram-ის Messenger-ით ან საეჭვო რეპუტაციის მქონე სხვა სავაჭრო პლატფორმის მეშვეობით უკავშირდებიან და მას კრიპტოვალუტის ყიდვაზე უთანხმდებიან. შეთანხმების შემდეგ თაღლითი მსხვერპლის ანგარიშიდან, მისი ნებართვის გარეშე, თანხას კრიპტოვალუტით მოვაჭრის ანგარიშზე რიცხავს და მისგან ყიდულობს შესაბამისი მოცულობის კრიპტოვალუტას“, – ნათქვამია განცხადებაში.
გარდა ამისა, თაღლითობის ახალი სქემის მიხედვით, კიბერდამნაშავეები შეტევის დროს იყენებენ Google-ის საძიებო სისტემას, სადაც კომერციული ბანკების ინტერნეტ-ბანკის ვებ-გვერდების მსგავსი, ყალბი ე.წ. ფიშერული გვერდების რეკლამას ახორციელებენ. ასეთი გვერდების მისამართი ხშირ შემთხვევაში კომერციული ბანკების ინტერნეტბანკის ნამდვილი მისამართების მსგავსია.
კიბერთაღლითობის შემთხვევებისგან თავის დაცვის მიზნით ასოციაცია მომხმარებლებს ურჩევს, არ ენდონ საეჭვო ან უცნობ პირებს, რომლებიც კრიპტოვალუტის შეძენას სთავაზობენ.
„გადაამოწმეთ და დარწმუნდით, რომ პირი, რომლისგანაც თანხა გერიცხებათ და ვისაც მიჰყიდეთ კრიპტოვალუტა, ნამდვილად ერთი და იგივე პირია. არ გადახვიდეთ საეჭვო ბმულებზე. ბმულზე კურსორის მიტანით გამოჩნდება ვებ-გვერდის რეალური მისამართი“, – აღნიშნულია განცხადებაში.
სპეციალისტები მომხმარებლებს ურჩევენ, ინტერნეტ-ბანკით სარგებლობისთვის Google-ის საძიებო ველში რომელიმე კონკრეტული ბანკის სახელწოდების მოძებნის ნაცვლად მისამართის ველში პირდაპირ კომერციული ბანკის ვებ-გვერდის მისამართი ჩაწერონ.
ორგანიზაცია მოქალაქეებს მაქსიმალური სიფრთხილისკენ მოუწოდებს.