ღარიბაშვილის გაპრემიერებას მმართველ გუნდთან ერთად მხარს „ევროპელი სოციალისტებიც" დაუჭერენ

ნდობის მოსაპოვებლად ახალ მინისტრთა კაბინეტს, სულ მცირე, პარლამენტის 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.
Sputnik

თბილისი, 19 თებერვალი – Sputnik. საკანონმდებლო ორგანოში მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატებით წარმოდგენილი საპარლამენტო უმრავლესობა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურას მხარს დაუჭერს. 

კომიტეტები ღარიბაშვილს შაბათ-კვირას მოუსმენენ, ორშაბათს კი მთავრობა დამტკიცდება

საქართველოს მთავრობის მეთაურის სავარძელი მას შემდეგ გათავისუფლდა, რაც ხუთშაბათს გიორგი გახარიამ გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა. პოლიტიკოსმა ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის ფონზე მიიღო და აღნიშნა, რომ თავის გუნდთან ვერ მიაღწია თანხმობას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებულ საკითხზე. მმართველმა პარტიამ რამდენიმე საათში პრემიერის თანამდებობაზე ღარიბაშვილის კანდიდატურა წამოაყენა.

„შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ ირაკლი ღარიბაშვილს პარლამენტის მხარდაჭერა ექნება და პრემიერ-მინისტრი გახდება, აქ კითხვის ნიშნები პრაქტიკულად არ არის. ეს არის უკვე გადაწყვეტილი“, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

უკვე ცნობილია, რომ საქართველოს მთავრობის ახალი შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა საკანონმდებლო ორგანოს დღის ბოლომდე წარედგინება. სავარაუდოდ, მომდევნო კვირაში პარლამენტი ახალ მინისტრთა კაბინეტს ნდობას გამოუცხადებს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის თქმით, პროცესები კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად წარიმართება. „ქართული ოცნება“ კი ღარიბაშვილის კანდიდატურას ერთხმად დაუჭერს მხარს. 

ნიკა მელია: ვაპირებ პოლიტიკურ აქტივობებში მონაწილეობას

„უახლოეს მომავალში ჩვენ ახალ პრემიერ-მინისტრს და მის სამთავრობო გუნდს ნდობას გამოვუცხადებთ. ჩვენ საინტერესო პროცესი გველის“, – აღნიშნა ოხანაშვილმა.

ამასობაში გაირკვა, რომ ღარიბაშვილის კანდიდატურას მხარს დაუჭერენ ასევე პარტია „ევროპელი სოციალისტების“ წარმომადგენლები, რომლებიც პარლამენტში ოპოზიციად იწოდებიან.

„ის ახალგაზრდა კაცი და ენერგიული ადამიანია, პლუს, მას ძალიან დიდი დრო ჰქონდა, რათა კიდევ ერთხელ გადაეფასებინა თავისი შესაძლო ქმედებები იმ საკითხებზე, რომელიც ქვეყანას კიდევ უფრო მეტად წაადგება. ამ სიტუაციაში ეს იქნებოდა საუკეთესო არჩევანი. ვნახოთ, დრო გვიჩვენებს... ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურას მხარს დავუჭერთ“, – აღნიშნა დავით ზილფიმიანმა.

„ევროპელი სოციალისტებისგან“ განსხვავებით, ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურა მეორე საპარლამენტო ოპოზიციური პარტია „მოქალაქეების“ მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს.

თავის მხრივ, ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ღარიბაშვილის წარდგენას პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე „კომიკური“ უწოდა. 

ღარიბაშვილმა შესაძლოა პრემიერის პორტფელი ჩაიბაროს – რა არის ცნობილი პოლიტიკოსზე

„ის გაუშვეს პრემიერ-მინისტრის პოსტიდან, როგორც პატარა ბავშვი, შემდეგ ისევ დააბრუნეს. ახლა „ქართული ოცნების“ დასასრული დადგა. არასდროს მიმიცია თავისთვის უფლება, ტყუილი მელაპარაკა. პირობა დავდე, რომ გირაოს არ გადავიხდიდი და არ გადავიხადე. პირობა დავდე, რომ ვერ დამიჭერდნენ და ვერ დამიჭირეს. ახლა პირობას ვდებ, რომ ამ ქვეყანაში ახალი არჩევნები ჩატარდება და „ქართული ოცნება“ ამ არჩევნებში მონაწილეობას პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გადაწყვეტს თუ სხვასთან ერთად, ეს მათი გადასაწყვეტია“, – განაცხადა მელიამ.

ქვეყნის ყველა მინისტრი ამჟამად მოვალეობის შემსრულებელია. პარლამენტს ორი კვირა აქვს, რათა ახალ პრემიერსა და მინისტრთა კაბინეტს ნდობა გამოუცხადოს.

ნდობის მისაღებად მთავრობას, სულ მცირე, 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. თუ პრემიერის კანდიდატურა ორჯერ ვერ მიიღებს 76 ხმას, პრეზიდენტს უფლება აქვს, დაითხოვოს პარლამენტი და ახალი არჩევნები დანიშნოს. თუმცა მმართველ პარტიას საკანონმდებლო ორგანოში 90 დეპუტატი ჰყავს – ეს საკმარისზე მეტია ღარიბაშვილის მეთაურობით ახალი მთავრობის დასამტკიცებლად.