ნიკა მელიას ადვოკატი: არ არის გამორიცხული, პირდაპირ ნიკა მელიას დაკავების ოპერაცია დაიწყონ

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, დაკავებამდე მელიას სასამართლო გადაწყვეტილება უნდა ჩაბარდეს.
Sputnik

თბილისი, 18 თებერვალი – Sputnik.  ოპოზიციური პარტია „ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა განმარტა თუ როგორია სასამართლოს მიერ პირისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შემთხვევაში აღსრულების მექანიზმი. 

დაკავების მოლოდინში: ოპოზიციამ მთელი ღამე „ნაცმოძრაობის" ოფისში გაატარა

როგორც მან აღნიშნა, სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს დაუყოვნებლივ, მით უფრო მაშინ, როცა შსს-მ ბრალდებულის ადგილსამყოფელი იცის.

„მე ვვარაუდობ, რომ ამ პროცედურას გაფრთხილებით დაიწყებენ. პოლიციის რამდენიმე წარმომადგენელი მოვა, ჩაგვაბარებს განჩინებას და განსაზღვრავს ვადას, რა ვადაშიც ნიკა მელიას პატიმრობის აღსრულება უნდა მოხდეს. თუმცა, ცხადია, არ არის გამორიცხული, რომ პირდაპირ ნიკა მელიას დაკავების ოპერაცია დაიწყონ... ადამიანი, რომელსაც პატიმრობა აქვს შეფარდებული, დაუყოვნებლივ უნდა იქნას დაკავებული, პირველივე შესაძლებლობისთანავე უნდა მოხდეს ამ გადაწყვეტილების აღსრულება. ვადა არაა განსაზღვურლი“, - განაცხადა საძაგლიშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 17 თებერვალს მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერ ნიკა მელიას 2019 წლის 20–21 ივნისის საქმესთან დაკავშირებით, დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა – გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანა პოლიციის პრეროგატივაა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო ჩახნაშვილმა მიიღო. პროცესი 6 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და მას ბრალდებული ნიკა მელია არ დასწრებია.

 „ნაცმოძრაობის“ ოფისში გუშინ სრული ოპოზიციური სპექტრი და ახალგაზრდული ორგანიზაციები შეიკრიბა, რომლებმაც მთელი ღამე მთავარი ოპოზიციური პარტიის სათავო ოფისში პარტიის ლიდერ ნიკა მელიასთან ერთად გაატარეს.