ბრიტანეთში ახალგაზრდებს განზრახ დააინფიცირებენ კორონავირუსით

ბრიტანულ ექსპერიმენტში, რომელიც ჯანმომაც მოიწონა, 18-დან 30 წლამდე ასაკის ოთხმოცდაათამდე მოხალისე მიიღებს მონაწილეობას
Sputnik

თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. დიდ ბრიტანეთში ათობით ახალგაზრდა მოხალისეს განზრახ დააინფიცირებენ კორონავირუს SARS-CoV-2–ით, რათა მისი ადამიანის ორგანიზმზე მოქმედება დეტალურად შეისწავლონ, იუწყება Bloomberg-ი.

ექსპერიმენტი, რომლის ჩატარებაზეც ნებართვა კლინიკური კვლევების ეთიკის კომისიამ გასცა, მიმდინარე წლის მარტის ბოლოსთვის დაიწყება.

PCR-ტესტებს გამოვლენა უჭირს: ფინეთში კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს

ქვეყნის მთავრობის განცხადებით, კვლევის ორ მიმართულებაში მონაწილეობის მისაღებად 18–დან 30 წლამდე ასაკის დაახლოებით 90 ჯანმრთელი ახალგაზრდა შეირჩევა.

პირველი მიმართულების კვლევებით უნდა დადგინდეს ვირუსის მინიმალური ოდენობა, რომელიც იმუნური პასუხის გამოწვევისთვისაა საჭირო, ხოლო მეორე მიმართულება განზრახ ინფიცირებული მოხალისეების ეფექტური კოვიდ–ვაქცინებით აცრას ითვალისწინებს, რათა ხელმეორედ ინფიცირებისგან დაცვისთვის აუცილებელი იმუნოლოგიური პასუხი განისაზღვროს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აღნიშნეს, რომ მსგავსი კვლევები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს იძლევა დამატებით დეტალურ ინფორმაციას პათოგენის უნარებზე.

როგორც ექსპერიმენტის ორგანიზატორები აცხადებენ, მეცნიერებმა მანამდე მსგავსი მეთოდი მალარიის, მუცლის ტიფის, ქოლერისა და გრიპის შესასწავლად გამოიყენეს.