ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე თურქეთის მოქალაქე დააკავეს

ბრალდებულმა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, 20.000 დოლარის ოდენობის კუპიურები გაასაღა. დანაშაული 7-დან 10-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს
Sputnik

თბილისი, 17 თებერვალი - Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე თურქეთის მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის იანვარში 20.000 აშშ დოლარის ოდენობის, სხვადასხვა ნომრის მქონე 100-დოლარიანი კუპიურები გაასაღა. აღნიშნული თანხა შემდგომში საგამოძიებო მოქმედებების შედეგად იქნა ამოღებული.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.