თბილისი, 17 თებერვალი - Sputnik. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის სამ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
კერძოდ, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია მლეთა-გუდაური(ფოსტა), გუდაური(ფოსტა)–კობის და სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთებზე.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვა ინტენსიური თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო დაწესდა, რამაც ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მნიშვნელოვნად გაზარდა.
გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზა დღეისათვის ერთადერთი სახმელეთო მაგისტრალია, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს.