პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნა

გასულ კვირას პარლამენტის ბიურომ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე დადგენილების პროექტს მხარი დაუჭირა და პლენარული კვირის დღის წესრიგში შეიტანა.
Sputnik

თბილისი, 17 თებერვალი - Sputnik. საქართველოს პარლამენტმა  2020 წლის  31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისია შექმნა.

2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა ერთ-ერთი პირობა იყო, რომელიც მმართველმა პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ“ ოპოზიციას მისცა. უმრავლესობამ პირობა დადო – შეასრულოს ოპოზიციის მოთხოვნა და დანიშნოს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები, თუ ხმების დათვლაში ცდომილება თუნდაც 1%-ს შეადგენს. 

ვინ შევა არჩევნებზე დარღვევების შემსწავლელ საგამოძიებო კომისიაში

დღევანდელ პლენარულ სხდომაზე საქართველოს პარლამენტმა 78 ხმით არცერთის წინააღმდეგ მიიღო დადგენილება „2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ“.  საგამოძიებო კომისიის უფლებამოსილების ვადა  3 თვით განისაზღვრა.

დადგენილების განმარტებითი ბარათის თანახმად, დროებითი საგამოძიებო კომისია სიღრმისეულად შეისწავლის 2020 წლის პარლამენტის არჩევნებს და საბოლოოდ გასცემს პასუხს, არსებობდა თუ არა ისეთი დარღვევები, რომლებმაც მოახდინეს ამომრჩეველთა ნების გამოხატვასა და არჩევნების საბოლოო შედეგებზე მნიშვნელოვანი გავლენა.

დადგენილების პროექტი ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ წარადგინა. მისი განცხადებით, რადიკალური ოპოზიციის პიარული პროექტი სახელწოდებით - „გაყალბებული არჩევნები“, ჩავარდა. 

„თუ სადმე რაიმე გაყალბდა, იყო თუ არა ვინმეს სასარგებლოდ სერიოზული გადახრა, იყო თუ არა სერიოზული დარღვევა და ხარვეზები, რასაც არჩევნების შედეგებზე შეიძლება გავლენა მოეხდინა, ამას ბოლომდე გამოვიკვლევთ. ჩვენი სუბიექტური ინტერესია  დავამტკიცოთ, რომ ეს იყო ოპოზიციის მხრიდან  პიარული და ამავდროულად, თავხედური პროექტი“, - განაცხადა მდინარაძემ.

მდინარაძის განმარტებით, კომისიის შემადგენლობას საპროცედურო საკითხთა და წესების  კომიტეტი სამ დღეში დააკომპლექტებს, რომელშიც კვოტები ოპოზიციისთვისაც არის გათვალისწინებული.

დღეისათვის პარლამენტში ოპოზიციას ორი პარტია – „მოქალაქეები“ და არჩევნების შემდეგ შექმნილი პარტია „ევროპელი სოციალისტები“ წარმოადგენენ. საკანონმდებლო ორგანოში შესული ოპოზიციური პარტიების სხვა წარმომადგენლები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და პარლამენტის საქმიანობაში ჩართვაზე უარს აცხადებენ.