იმერეთში ჟურნალისტებისთვის საქმიანობაში ხელის შეშლის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

შსს-ს ინფორმაციით,  ბრალდებულებმა „მედიაჰოლდინგი კვირას“ ქუთაისის ბიუროს ჟურნალისტსა და ოპერატორს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
Sputnik

თბილისი, 16 თებერვალი – Sputnik. პოლიციამ მედიაჰოლდინგი „კვირას“ ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ბრალდებით ორი პირი დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 15 თებერვალს, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთში, „მედიაჰოლდინგი კვირას“ ქუთაისის ბიუროს ჟურნალისტსა და ოპერატორს პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ შეუშალეს ხელი, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და მიიმალნენ.

პოლიციამ 1985 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი რ.ა. და 1991 წელს დაბადებული გ.ნ. მომხდარიდან რამდენიმე საათში ბრალდებულების სახით დააკავა.

ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.