შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო მუშაობას სრული დატვირთვით იწყებს

მომსახურების სააგენტოს სერვისების ნაწილი საქართველოს მასშტაბით COVID-19-ის პრევენციული ღონისძიებების გამო იყო  შეზღუდული.
Sputnik

თბილისი, 16 თებერვალი – Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში 17 თებერვლიდან COVID-19-ის პრევენციული ღონისძიებების გამო შეზღუდული ყველა სახის სერვისი საქართველოს მასშტაბით განახლდება, ნათქვამია უწყების განცხადებაში.

უწყების ცნობით, 17 თებერვლიდან შესაძლებელი იქნება მართვის უფლების მისაღებ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდებზე გასვლა. ხოლო 16 თებერვალს, 24:00 საათიდან მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ ელექტრონულად დაჯავშნონ თეორიული გამოცდის რიგი.

შსს-ს მომსახურების სააგენტო შეჩერებული სერვისების ეტაპობრივ განახლებას იწყებს

ასევე, სრულად აღდგება იარაღის რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურები. დაინტერესებული პირები შეძლებენ იარაღის რეგისტრაციის ნებართვის მისაღები გამოცდის ჩაბარებას.

სერვისების მიწოდება განახლდება თბილისში, ჯ. ბალანჩინის ქუჩაზე მდებარე მომსახურების ცენტრში, ახალქალაქისა და ამბროლაურის სტრუქტურულ ერთეულებში.

რაც შეეხება მომსახურების სააგენტოს მიერ გასაცემ ცნობებს, განაცხადის მიღება შესაძლებელი იქნება ადგილზე, მომსახურების ცენტრებში, ასევე ელექტრონული წესით, მონაცემთა სუბიექტის მიერ, მომსახურების სააგენტოს ვებგვერდის საშუალებით (sa.gov.ge).

ელექტრონული მოთხოვნის საფუძველზე დამზადებული დოკუმენტები გაიცემა შევსებისას მითითებულ სტრუქტურულ ერთეულში.

მომსახურების სააგენტო მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ ადგილზე სერვისების მისაღებად გამოცხადდნენ პირბადით.