თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. სამართალდამცველებმა გასულ ღამეს „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის ბარი „ჯაფარასთან“ ისევ დალუქეს.
ოპოზიციური პარტიის ლიდერმა აღმაშენებლის გამზირზე ბარი „ჯაფარასთან“ 13 თებერვალს გახსნა და განაცხადა, რომ ბარის გახსნა არის პოლიტიკური დაუმორჩილებლობის აქტი და მიმართულია კორონა-პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების გაუქმებისკენ. შრომის ინსპექციის თანამშრომლებმა ჯაფარიძე იმავე საღამოს უნებართვო ეკონომიკური საქმიანობისთვის 2000 ლარით დააჯარიმეს, ბარი კი დალუქეს.
თუმცა, პოლიტიკოსი აცხადებს, რომ დაკისრებული ჯარიმის გადახდას არ აპირებს და კვირას ბარი კვლავ გახსნა.
ისტორია განმეორდა – ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა ბარი დალუქეს, ობიექტის ორი თანამშრომელი კი პოლიციაში გამოკითხვაზე გადაიყვანეს.
თავად ზურაბ ჯაფარიძე კვლავინდებურად აცხადებს, რომ დაკისრებული ჯარიმის გადახდას არ აპირებს. ჯაფარიძის თქმით, ამჟამად მას დეპუტატის მანდატი იცავს, რასაც იყენებს.
„ეს არის პოლიტიკური დაუმორჩილებლობის აქტი. როგორც იცით, ქვეყანაში ბევრი შეზღუდვა მოქმედებს, მათ შორის კომენდანტის საათი, ანუ ღამის საათებში გადაადგილებაზე აკრძალვა, შეზღუდვები ეხება რესტორნების, კაფე–ბარების მუშაობასაც. ეს არის დაუმორჩილებლობის აქტი, რომლის მიზანიც შეზღუდვების წინააღმდეგ პროტესტია“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
მთავრობის გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოში ბარების მუშაობა ამ ეტაპზე კორონავირუსის პანდემიის გამო აკრძალულია.