პოლონეთში საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავეს

თავდამსხმელები, რომლებიც მიმალვას ცდილობდნენ, რამდენიმე საათის შემდეგ დააკავეს და სამი თვით დააპატიმრეს, ახლა ისინი სასამართლოს გადაწყვეტილებას უნდა დაელოდონ
Sputnik

თბილისი, 15 თებერვალი - Sputnik. პოლონეთის ქალაქ სერაკუვში საქართველოს ოთხი მოქალაქე ცივი იარაღის გამოყენებით ჩხუბში მონაწილეობის გამო დააკავეს, იუწყება РИА Новости ადგილობრივ გამოცემა Naszemiasto-ზე დაყრდნობით.

მასშტაბური სპეცოპერაცია იტალიასა და საფრანგეთში: დაკავებულია საქართველოდან ჩასული 46 პირი

გამოცემის მონაცემებით, „ოთხი ზრდასრული მამაკაცი თავს დაესხა სამ სხვა ზრდასრულ მამაკაცს ბასრი ინსტრუმენტების, სავარაუდოდ, დანების გამოყენებით“. ჩხუბის შემდეგ ისინი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. 

ჩხუბი შენიშნა მეზობელი სახლის მცხოვრებმა, რომელმაც პოლიციაში და სასწრაფო დახმარებაში დარეკა.

წინასწარი მონაცემებით, ჩხუბი მოყვა კონფლიქტს, რომელიც ადგილობრივ საწარმოებში დასაქმებულ ქართველებსა და უკრაინელებს შორის მოხდა.

საქართველოს მოქალაქეები ინციდენტიდან რამდენიმე საათში დააკავეს, ისინი დააპატიმრეს სამი თვით სასამართლოს გადაწყვეტილებამდე. მათ ბრალი ედებათ ჯანმრთელობისთვის მძიმე ზიანის მიყენებაში, რისთვისაც, პოლონეთის კანონმდებლობით, ექვსი თვიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.