პატიმრებმა ჩითილების გამოყვანა დაიწყეს

პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელობის ინიციატივით, N16 პენიტენციურ დაწესებულებაში სხვა პროექტების განხორციელებაც იგეგმება, რაც მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია/რეაბილიტაციას შეუწყობს ხელს.
Sputnik

თბილისი, 15 თებერვალი – Sputnik. რუსთავის N16 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულებმა სათბურში მარწყვის ჩითილების გამოყვანა დაიწყეს. ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციაში.

საგანმანათლებლო პროექტი: არასრულწლოვანი მსჯავრდებულები ინგლისურ ენას შეისწვლიან

უწყების ცნობით, პროექტი ამ დაწესებულებაში არსებული ყვავილების სათბურის ბაზაზე ხორციელდება. ამ ეტაპზე მასში სამი პატიმარია ჩართული, მოგვიანებით დასაქმებულ მსჯავრდებულთა რაოდენობა ათამდე გაიზრდება.

ჩითილების გამოსაყვანად სათბურში ნიადაგის განახლება პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციამ ამჯერად საკუთარი რესურსით შეძლო.

„პანდემიის პირობებში უსაფრთხოების ზომებისთვის დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, დაწესებულებებში ვიზიტორთა წრე მაქსიმალურად შეზღუდულია. ამდენად, პანდემიის პერიოდში რესოციალიზაცია/რეაბილიტაციის პროექტების განხორციელება რომ არ შეფერხებულიყო, პენიტენციური დაწესებულებების ადმინისტრაციების ინიციატივით, გამოსავალი მოიძებნა და მსგავსი პროექტების რეალიზება საკუთარი რესურსების გამოყენებით გაგრძელდა“, – აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.

მარწყვის გარდა, N16 პენიტენციურ დაწესებულებაში არსებული სათბურის ბაზაზე პომიდორი ჩერისა და კიტრის მოყვანაც იგეგმება.

საქართველოს მთავრობის ახალი პროგრამა ითვალისწინებს სერიოზული რეფორმების გატარებას ქვეყნის მართლმსაჯულების სისტემაში – როგორც დანაშაულის გამოძიების სფეროში, ისე სასჯელის ნაწილში.

შეიქმნება საოჯახო ტიპის პენიტენციური დაწესებულებები, სადაც ერთისა და იმავე სასწავლო ინტერესების, მისწრაფებების მქონე რამდენიმე არასრულწლოვანი მოთავსდება და ისინი გათავისუფლებამდე ოჯახურ გარემოში იცხოვრებენ. მთავრობაში მიაჩნიათ, რომ ეს დაწესებულებები მსჯავრდებულთა რესოციალიზაციას შეუწყობს ხელს.

გარდა ამისა, იგეგმება მსჯავრდებულთა და გათავისუფლებულთა დასაქმების და პროფგანათლების პროგრამის გაძლიერება. ამისათვის სპეციალური სისტემების შექმნაა დაგეგმილი.

საქართველოს მთავრობამ მართლმსაჯულების სისტემის სერიოზული რეფორმები დააანონსა >>

ამოქმედდება ახალი პოლიტიკა გათავისუფლებისთვის მომზადების კუთხით, რათა მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის გამეორების პრევენცია მოხდეს.

რეფორმები თავად ციხეებსაც შეეხება. საქართველოში შესაძლებელი გახდება ფსიქიკური აშლილობების მქონე მსჯავრდებულთა სამედიცინო მომსახურება, გაძლიერდება მათი უსაფრთხოება და ვადამდელი გათავისუფლების ახალი მექანიზმი დაინერგება.