თბილისი, 15 თებერვალი – Sputnik. სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სკოლებში სახელმწიფოს მიერ კორონავირუსის პრევენციისთვის გატარებულ ღონისძიებებს არასაკმარისად თანმიმდევრულად მიიჩნევს და აცხადებს, რომ ისინი არ აკმაყოფილებს ვირუსის პრევენციისთვის აუცილებელ პირობებს.
რამდენად უსაფრთხოა პირბადე ბავშვებისთვის: ინფექციონისტის განმარტება>>
დღეიდან საქართველოს მასშტაბით სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდა. ამასთან, მშობლებს დისტანციური სწავლების არჩევანის უფლებაც აქვთ. სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლებული წესების დაცვით აღდგა – აუცილებელია პირბადის ტარება (V-XII კლასების მოსწავლეებისთვის), 1-მეტრიანი დისტანციის დაცვა, თერმოსკრინინგი.
სახალხო დამცველის განცხადებით, განათლების სამინისტროს არ წარმოუდგენია ერთიანი სამოქმედო გეგმა, რაც უზრუნველყოფს სკოლებში საგანმანათლებლო პროცესის ეფექტურ მართვას, გამოვლენილ ხარვეზებზე სწრაფ რეაგირებასა და საჭიროებების შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვას.
„უწყების მიერ მიღებული ზოგადი რეკომენდაციების თანახმად, სკოლებმა თავად უნდა შეიმუშაონ პანდემიის პირობებში, საგანგებო სიტუაციაში სამოქმედო გეგმა, რაც ერთიანი ხედვის და მიდგომის არსებობისთვის არასაკმარისია“, – აღნიშნულია ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გარდა ამისა, ლომჯარია მიიჩნევს, რომ სრული ინფორმაცია არაა წარმოდგენილი სკოლების სანიტარიულ-ჰიგიენური და ინფრასტრუქტურული პრობლემების თაობაზე. ასევე გამოწვევის წინაშე დგას კერძო დიდკონტინგენტიან სკოლებში დისტანციის დაცვისა და ნაკადების მართვის მონიტორინგის საკითხი.
„შესაძლოა რისკებთან იყოს დაკავშირებული ისიც, რომ მე-5 კლასამდე მოსწავლეებისთვის არ არის სავალდებულო პირბადის ტარება, რაც, თავის მხრივ, ვირუსის გავრცელების ერთ-ერთ ეფექტურ პრევენციულ ღონისძიებას წარმოადგენს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
სახალხო დამცველის შეფასებით, მნიშვნელოვანია, სახელმწიფოს ჰქონდეს პოლიტიკის ერთიანი დოკუმენტი, სამოქმედო გეგმა, სრულყოფილი ინფორმაცია ქვეყანაში მოქმედ თითოეულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში არსებულ საჭიროებებზე და სასწავლო პროცესი აღნიშნულის მიხედვით დაიგეგმოს.