თბილისი, 14 თებერვალი – Sputnik. საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში ორი კვირის განმავლობაში სავალდებულო ტესტირება 46 300 მასწავლებელსა და ადმინისტრაციის თანამშრომელს ჩაუტარდა, იუწყება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, თებერვლის დასაწყისიდან, საქართველოს მასშტაბით, საჯარო და კერძო სკოლებში COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა სავალდებულო ტესტირება მიმდინარეობს.
ინტენსიური ტესტირების შედეგად, ორი კვირის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით COVID-19 მასწავლებელთა და სკოლის თანამშრომელთა 0,5%-ს დაუდასტურდა.
უწყების ცნობით, სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების საფუძველზე, დაავადების უსიმპტომოდ მიმდინარეობის შემთხვევაში, ინფიცირებულ მასწავლებელთან შეთანხმებით, მისი საგანი დისტანციურ ფორმატში გადადის.
გარდა ამისა, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სამინისტრო შესაძლებლობას აძლევს რისკ-ჯგუფში მყოფ მასწავლებლებს, შესაბამისი სამედიცინო დასკვნის საფუძველზე, მიმართონ სკოლის ადმინისტრაციას მუშაობის დისტანციურ ფორმატში გაგრძელების თაობაზე.
სავალდებულო ტესტირებისათვის სკოლის ადმინისტრაციამ სკოლაში დასაქმებული ყველა პირი დაარეგისტრირა ბმულზე https://labour.moh.gov.ge, ხოლო სამედიცინო ლაბორატორიების მიერ პერსონალის ტესტირების პროცესი შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ჩართულობით მიმდინარეობს.
15 თებერვლიდან, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ 1-12 კლასის მოსწავლეები თავიანთ მერხებს დაუბრუნდებიან. 5-12 კლასის მოსწავლეთათვის სასწავლო პროცესის დროს სავალდებულო იქნება პირბადეების ტარება. სსსმ მოსწავლეები სკოლაში პირბადეების ტარებისგან თავისუფლდებიან. ბათუმის, ფოთის, ზუგდიდის, გორისა და თელავის მოსწავლეები კი სკოლებს 1 თებერვალს დაუბრუნდნენ.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა საერთო რიცხვმა 265 557-ს მიაღწია. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 258 093 ადამიანი, გარდაიცვალა 3 352 პაციენტი.