ოპოზიციის რებრენდინგი ქართულად - სააკაშვილი რეიტინგულ ლიდერებს იბრუნებს?

საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქართულ ოპოზიციაში საკმაოდ საინტერესო პროცესები ვითარდება. როგორც ჩანს, ამ პროცესების დიდი ნაწილის რეჟისორი ისევ მიხეილ სააკაშვილია.
Sputnik

როგორც გაირკვა, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას კიევში ვიზიტისა და მისი სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ, დავით ბაქრაძემ და გიგი უგულავამ, ისევე, როგორც რამდენიმე მათმა თანამოაზრემ. მაგალითად ზურაბ ჭიაბერაშვილმა, გადაწყვიტეს „ევროპულ საქართველოში“ გზა სხვებს დაუთმონ, შესაძლოა, იფიქრონ პოლიტიკიდან წასვლაც, თუმცა - არა ოპოზიციური მოძრაობიდან.

მანდატების შენარჩუნება ოპოზიციისთვის – ახალი შანსი თუ კონსტიტუციის დარღვევა

როგორც ირკვევა, პარტიის მიერ მიღწეული ცუდი შედეგებიდან გამომდინარე, ლიდერები მარცხზე პასუხისმგებლობას იღებენ. თუმცა, როგორც ჟურნალისტი ელისო კილაძე წერს, სინამდვილეში პარტიის ლიდერშიპს აღარ სურს ბოკერიას და მისი მეუღლის გადაწყვეტილებებით სვლა და ამიტომაც აპირებენ პარტიისგან გამიჯვნას. უფრო ადრე კი პარტია ელენე ხოშტარიამ დატოვა.

„რა ხდება კულისებს მიღმა ევროპულ საქართველოში: პარტიის ლიდერშიპი ბოლოს და ბოლოს მიხვდა, რომ ბოკერია უნდა გაწიონ (იგულისხმება ჩერგოც), სხვაგვარად, 3% განელდება, ამიტომ ორმა ლიდერმა ყრილობამდე განცხადება დაწერა და თანამდებობიდან გადადგა, ბოკერიამ იგივე არ გააკეთა, არ მივდივარო... ჰოდა,ახლა კულისებში დიდი კარის შეთქმულებაა. რომელი მხარე მოიგებს, ვნახოთ. ჰო, გიგი მიშას შეხვდა კიევში! ოცნების მეორე ვადა ბოკერიას "დამსახურებაა" და მარტო დარჩება პარტიაში, თუ გადადგება მას პოლიტიკური მომავალი აღარ აქვს!“ - წერს კარგად ინფორმირებული კილაძე ფეისბუქში.

თავის მხრივ გიგა ბოკერია არც პარტიისა და არც პოლიტიკის დატოვებას არ აპირებს და ამბობს, რომ ამ რთულ ოპოზიციურ ბრძოლაში უკან დახევა ღალატია.

NDI-სა და „ქართული ოცნების“ ომი დასრულდა – კვლევითმა ორგანიზაციამ მისი წარმატება აღიარა

პარალელურად, საინტერესო პროცესები ვითარდება ნაციონალურ მოძრაობაში. სააკაშვილმა, როგორც ჩანს, პარტიის ლიდერის პოსტზე ყველაზე აგრესიულ და მებრძოლ ნიკა მელიას დაუჭირა მხარი, რომელსაც, სავარაუდოდ, დღეს ან ხვალ დაიჭერენ, თუ საერთაშორისო საზოგადოება არ ჩაერია პროცესებში. თავის მხრივ მელიამ პარტიის რებრენდინგის გეგმა დადო და 12 ახალი ლიდერი წარმოადგინა, რომელთაც თავისი საქმიანობით დღემდეც იცნობდა საზოგადოება. განახლებული ენმ შესაძლოა, უფრო სიმპატიურად გამოიყურება, მაგრამ ყველაზე მთავარი, რაც ამ სქემაში იკითხება, ისაა, რომ სააკაშვილი ბოკერიას „აბაროტს“ უღებს და დაშლილი პარტია შესაძლოა, ისევ უნდა, გააერთიანოს. ანუ როგორც დავით ბაქრაძემ და გიგი უგულავამ აღნიშნეს, მათთვის ეხლა მთავარი ოპოზიციის საბრძოლო მუხტისა და ოპოზიციის ერთობის შენარჩუნებაა.

ხელისუფლება და ოპოზიცია მესამე ძალის მოლოდინში

ეს კი იმას ნიშნავს, რომ მაისში „ევროპული საქართველოს“ ყრილობის შემდეგ შესაძლოა, საინტერესო პროცესები დაიწყოს და ბაქრაძე-უგულავა დედა პარტიას და სააკაშვილს დაუბრუნდნენ. თუმცა ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე ამბობს, რომ ეს მისთვის ძნელი წარმოსადგენია. შეგახსენებთ, რომ თავის დროზე ენმ-ის მარტივ მამრავლებად დაშლას და 2016 წლის არჩევნების კვირიკაშვილისათვის „გაპრავებას“ ნაციონალების მხარდამჭერები სწორედ გიგა ბოკერიას აბრალებდნენ. გაჩნდა მითი, რომ მათ ივანიშვილი აფინანსებდა, ისევე, როგორც პალიკო კუბლაშვილსა და მის უკან მდგომ „გირჩს“. სხვათა შორის, ანალოგიური დაშლა-არმოშლის საკითხები აქტუალურია „გირჩშიც“, თუმცა აქ ამ პროცესებს საფუძვლად პარლამენტში შესვლა-არშესვლა უდევს და არა - „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაბრუნების სურვილი.

ბიძინა ივანიშვილის არჩევანი: წასვლა-არწასვლა – საკითხავი, აი, ეს არის

ასევე სრულიად რეალურია ის ამბავი, რომ პარლამენტში 113 დეპუტატის შეკრება გაჭირდეს საკონსტიტუციო ცვლილებებისათვის და ადგილობრივ და საპარლამენტო არჩევნებზეც 5 პროცენტიანი ბარიერი ძალაში დარჩეს. ამას კი საბოლოოდ იქით მივყავართ, რომ როგორც 2021-ის, ასევე 2024-ის არჩევნებზე შესაძლოა, პარლამენტში და, შესაბამისად, ქართულ პოლიტიკაში ორი დომინანტური ძალა გამოიკვეთოს - „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“, რომლებიც შეხმატკბილებულად გაიყოფენ ძალაუფლებას, რადგან მესამე ძალა, რომელიც 2020-ის უმნიშვნელოვანეს არჩევნებზე 5-პროცენტიან ბარიერს გადალახავდა, უბრალოდ არ ჩანს. ვნახოთ, უშველის თუ არა დარისპანის გასაჭირს ოპოზიციის რებრენდინგი და შესაკრებთა გადანაცვლება.

 

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებას!