გადაწყვეტილება მიღებულია: მმართველი პარტია ნიკა მელიას ხელშეუხებლობას მოუხსნის

გენპროკურორმა პარასკევს მიმართა პარლამენტს, რათა მიიღოს ნებართვა შუამდგომლობისთვის, ოპოზიცური დეპუტატი ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების პატიმრობით შეცვლის თაობაზე
Sputnik

თბილისი, 13 თებერვალი – Sputnik. შაბათს გამართულ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, მთავარი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს, ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდება, ამის შესახებ პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პარასკევს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ მიმართა პარლამენტს, ნიკა მელიას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს პატიმრობით შეცვლის შესახებ სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვასთან დაკავშირებით. ასეთი გადაწყვეტილება პროკურორმა მას შემდეგ მიიღო, რაც მელიამ უარი თქვა გირაოს გადახდაზე, რომელიც სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით დააკისრა.

„ჩვენ ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხის განხილვა აღარ გადავდეთ, რათა მან წინასწარ იცოდეს გუნდის საერთო პოზიცია, რომ უმრავლესობა მხარს დაუჭერს მისთვის იმუნიტეტის მოხსნას“, - განაცხადა მდინარაძემ.

მან აღნიშნა, რომ მელიას ჯერ კიდევ აქვს დრო გადაწყვეტილების შესაცვლელად და გირაოს გადასახდელად.

საქართველოში აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ გადაწყვეტილებას სასამართლო ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე იღებს. თუმცა, განაჩენის გამოტანამდე მელიასთვის პატიმრობის შეფარდების შესახებ შუამდგომლობის მიმართვისთვის, პროკურატურამ პარლამენტის ნებართვა უნდა მიიღოს.

პარლამენტი გასცემს ნებართვას პლენარულ სხდომაზე, კომიტეტებზე განხილვის შემდეგ, და ის არ გულისხმობს მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ავტომატურ შეწყვეტას.

გირაოს გადახდის ვადა ამოიწურა: რა ელის ნიკა მელიას

ნიკა მელიას ბრალად ედება 2019 წლის 20-21 ივნისის საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა. ახლა პარლამენტს მეორედ მოუწევს მელიასთვის სადეპუტატო ხელშეუხებლობის მოხსნისა და უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება.

პირველად პარლამენტმა მელიას სადეპუტატო ხელშეუხებლობა 2019 წლის ივნისში მოუხსნა – პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ივლისში კი მელიას დეპუტატის მანდატი ვადაზე ადრე შეუჩერეს.

2019 წლის 27 ივნისს გამართულ სხდომაზე თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა მელიას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსების შესახებ და აღკვეთის ღონისძიების სახით 30 ათასი ლარის ოდენობით გირაოს გადახდა და ელექტრონული სამაჯურის ტარება დააკისრა. მას ასევე საჯაროდ გამოსვა აეკრძალა.

მელია გასული წლის ოქტომბერში აქტიურად მონაწილეობდა წინასაარჩევნო კამპანიაში, 2020 წლის ნოემბერში კი, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მან ერთ-ერთი მიტინგზე საჯაროდ მოიხსნა ელექტრონული სამაჯური და გადააგდო. ამის შემდეგ მას სამაჯურის ტარების ვალდებულება მოუხსნეს და გირაოს თანხა 40 ათას ლარამდე გაუზარდეს.