როდის გაიხსნება ზამთრის კურორტები?

ქვეყანაში კორონავირუსის მეორე ტალღის ფონზე ხელისუფლებამ ზამთრის კურორტებზე შეზღუდვები გასული წლის ნოემბერში დააწესა.
Sputnik

თბილისი, 12 თებერვალი – Sputnik. საქართველოში ზამთრის კურორტების გახსნა უახლოეს მომავალში არ იგეგმება, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

კითხვაზე, გადაიხედება თუ არა მთავრობის გადაწყვეტილება ზამთრის კურორტებთან დაკავშირებით, მინისტრმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება აღარ გაიმეორებს იმ შეცდომას, რაც ზაფხულში აჭარაში დაუშვა.

2020 წლის 28 ნოემბრიდან საქართველოს ზამთრის კურორტებმა მუშაობა შეაჩერეს – სასტუმროებს ეკრძალებათ დამსვენებლების მიღება, გაჩერებულია სათხილამურო ტრასებისა და სათხილამურო საბაგიროების ფუნქციონირება, დაკეტილია კაფეები და რესტორნები. 

ზამთრის კურორტებზე სასტუმროების მფლობელებს გადასახადებს გადაუვადებენ

საქართველოში ზამთრის კურორტები ოთხ რეგიონშია: გუდაური (მცხეთა-მთიანეთი), თეთნულდი და ჰაწვალი (სვანეთი), ბაკურიანი და კოხტა მიტარბი (სამცხე-ჯავახეთი), გოდერძი (აჭარა). ამ კურორტებზე ტურისტული სეზონი, ჩვეულებრივ, დეკემბრის დასაწყისში იხსნება და მარტის ბოლომდე გრძელდება.

ადრე ვიცე–პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარება რიგი შეზღუდვების მოხსნის შესაძლებლობას არ იძლევა, რის გამოც ისინი კვლავ ძალაშია.

ორშაბათიდან, 8 თებერვლიდან, მთავრობამ შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა დაგეგმილზე ადრე დაიწყო. ამ ეტაპზე აღდგა მუნიციპალური ტრანსპორტისა და სავაჭრო ცენტრების ფუნქციონირება (შაბათ–კვირის გარდა).

გარდა ამისა, 15 თებერვლიდან ქვეყნის მასშტაბით სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდება. კვების ობიექტები კი ღია სივრცეში შეძლებენ ფუნქციონირებას – შაბათ–კვირის გარდა.

ამასთან, ქვეყანაში კვლავ ძალაშია 21:00 საათიდან 05:00 საათამდე ქუჩაში გადაადგილება. „კომენდანტის საათის“ დარღვევისთვის ჯარიმა 2 ათასი ლარია.