Bmatch პლატფორმის დაფარული მხარე – ექსპერტი შესაძლო საფრთხეებზე საუბრობს

ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის გაანგარიშებები 1 თებერვლიდან მხოლოდ Bmatch პლატფორმაზე დადებულ გარიგებებს ეფუძნება.
Sputnik

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, Bmatch პლატფორმა „ბლუმბერგის“ სისტემაში 2020 წლის მარტიდან ამოქმედდა და განვლილი პერიოდის ანალიზმა ცხადყო, რომ პლატფორმაზე შექმნილია ვაჭრობის კონკურენტული გარემო. ასევე მნიშვნელოვანია, რომ გარიგებები არ ხასიათდება დიდი მერყეობებით და, რაც მთავარია, სრულად შეესაბამება გარიგების დადების მომენტში ბაზარზე არსებულ რეალობას.

ახალი პლატფორმის უპირატესობებიდან გამომდინარე, ეროვნული ბანკი მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის გაანგარიშებები მხოლოდ „ბლუმბერგის“ სისტემის Bmatch პლატფორმაზე დადებულ გარიგებებს დაეფუძნოს.

ეროვნული რეგულატორის ოპტიმისტურ მოლოდინებს ნაწილობრივ იზიარებს „საერთაშორისო პროგნოზირებისა და კვლევების ცენტრის“ ვიცე-პრეზიდენტი ნიკა შენგელია. მისი აზრით, Bmatch პლატფორმას, მართალია, ბევრი დადებითი მხარე აქვს, მაგრამ ამავე დროს აქვს სუსტი წერტილებიც. კონკრეტულად რა საფრთხეს შეიძლება შეიცავდეს ეროვნული ვალუტის სტაბილურობისთვის ამ პლატფორმაზე დადებული გარიგებები, ამის შესახებ ეკონომისტმა „Sputnik–საქართველოსთან“ ისაუბრა.

- ვის შეუძლია Bmatch პლატფორმაზე ვაჭრობა?

- Bmatch პლატფორმა ეს არის „ბლუმბერგის“ სავაჭრო ტერმინალი, სადაც ვალუტით ვაჭრობა შეუძლიათ კომერციულ ბანკებს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, საბროკერო კომპანიებს, არარეზიდენტ და რეზიდენტ საინვესტიციო ფონდებს და იმ კომპანიებს, რომლებიც იმპორტ-ექსპორტით არიან დაკავებული. გარიგებები იდება მყიდველისა და გამყიდველის კურსის თანხვედრის შემთხვევაში, რაც უზრუნველყოფს გარიგების დადებას კონკრეტულ მომენტში არსებული საუკეთესო კურსით; პლატფორმაზე განთავსებული ყიდვა-გაყიდვის განაცხადები ანონიმურია, მანამ, სანამ პლატფორმის მიერ არ მოხდება გარიგების ავტომატური რეგისტრაცია. გარდა ამისა, პლატფორმის მონაწილეები თავად განსაზღვრავენ მათთან გარიგებაში დაშვებულ კონტრაგენტებს და სავაჭრო ლიმიტებს; თუმცა, ამავე დროს, როგორც ირკვევა, ამ პლატფორმაზე მინიმალური სავაჭრო ლოტი $ 100 000 ან მისი ეკვივალენტია, რაც თავისთავად გულისხმობს, რომ აქ ვაჭრობა მხოლოდ იმ კომპანიებს შეუძლიათ, რომლებსაც თავისი საქმიანობიდან გამომდინარე ყოველთვიურად 100 000 დოლარზე მეტის ყიდვა ან გაყიდვა სჭირდებათ. ცხადია, საქართველოში ასეთი მსხვილი კომპანიები თითებზეა ჩამოსათვლელი. ექსპორტ-იმპორტით დაკავებულ იმ კომპანიებს კი, რომლებსაც უფრო ნაკლები ვალუტა სჭირდებათ, შუამავლად ისევ კომერციული ბანკები რჩება. ისინი Bmatch პლატფორმაზე შუამავალების მეშვეობით აკეთებენ განაცხადს, უთითებენ, რა ფასად იყიდიან ან გაყიდიან ვალუტას და ვაჭრობენ. რა თქმა უნდა, მათ ამის სანაცვლოდ მოუწევთ შუამავლისთვის მომსახურების გარკვეული პროცენტის გადახდაც.

პანდემია და ვაჭრობა: საქართველოდან ექსპორტი 12%-ით შემცირდა

- რაში ხედავთ შესაძლო საფრთხეებს?

- რა თქმა უნდა, კარგია, რაც უფრო მეტი მონაწილე იქნება ჩართული ვალუტით ვაჭრობაში, ამით ლიკვიდურობაც მეტი იქნება და ლარის კურსის ცვლილების მერყეობის სიჩქარეც შემცირდება. მაგრამ, როგორც ამბობენ, „ყველაფერი, რაც ბრწყინავს, ოქრო არ არის“. როდესაც ტერმინალში მაქსიმალურად ჩაერთვებიან სხვა ახალი მონაწილეები და, დარწმუნებული ვარ, რომ იქ აუცილებლად დარეგისტრირდება არარეზიდენტი საფინანსო ინსტიტუტები, ლარის კურის მერყეობაც საგრძნობი იქნება, განსაკუთრებით მაშინ, თუ ეროვნული ბანკი აღარ მიიღებს მონაწილეობას ვაჭრობებში. Bmatch პლატფორმის მეშვეობით ასევე შესაძლებელია, რომ კომერციულმა ბანკებმა, მათმა აფილირებულმა საბროკერო ან ახლად შექმნილმა კომპანიებმა სავალუტო სპეკულაციები განახორციელონ. დიდი ალბათობით, რამდენჯერმე წლის განმავლობაში გავხდებით მოწმეები იმისა, რომ როდესაც ლარის კურსი გამყარდება, მას შემდგომ უეცარი გაუფასეურება მოჰყვება, როგორც ეს მოხდა გასული წლის მარტში, როდესაც ეროვნული ვალუტა დოლარის მიმართ 3,55-მდეც კი გაუფასურდა.

მიწაზე დანარცხება თუ აღმასვლა - რა ელის საქართველოს ეკონომიკას 2021 წელს

სავალუტო ბაზარზე ასეთი მერყეობების შემთხვევაში უკვე რეგულატორი და ოლიგოპოლიური საბანკო სექტორი ანგარიშსწორების საერთაშორისო ბანკის (BIS) თაოსნობით შემუშავებულ „სავალუტო ბაზრის გლობალურ“ კოდექსს ამოეფარება. შედეგად კი დაზარალებული, როგორც ყოველთვის, მოსახლეობა და მცირე ბიზნესი აღმოჩნდება. 

- თქვენ აღნიშნეთ, რომ Bmatch პლატფორმაზე გარიგებებით აუცილებლად დარეგისტრირდება არარეზიდენტი საფინანსო ინსტიტუტები, რა გაძლევთ ასეთი პროგნოზის საფუძველს?

- როგორც ცნობილია, მსოფლიოში განვითარებული ეკონომიკური ქვეყნების ცენტრალურმა ბანკებმა 2019 წლის დეკემბრიდან თავინთ ქვეყნებში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთები ნულს მიუახლოვეს, საქართველოში კი 8 პროცენტია და მისი დაწევის პერსპექტივა ჯერ არ ჩანს. რაც უფრო მაღალი იქნება საპროცენტო განაკვეთი, მით უფრო მეტი დაინტერესება ექნებათ უცხოურ არარეზიდენტ საფინანსო ორგანიზაციებს – შემოვიდნენ საქართველოში და ფული ჩადონ მაღალლიკვიდურ სახელმწიფო ფასიან ქაღალდებში.

ნიკა შენგელია: 2021 წლის მთავარი გამოწვევა ისევ ლარის კურსი და მაღალი ფასები იქნება

მაგალითად, თუ რომელიმე არარეზიდენტი კომპანია შემოვა საქართველოში უცხოური კაპიტალით, გადაცვლის თავის დოლარს ან ევროს ეროვნულ ვალუტაზე იმ დროისთვის არსებული კურსით, დააბანდებს მას სახელმწიფო ფასიან ქაღალდებში წლიური 9-10%-იანი სარგებლით და როდესაც მოვა ამ ვალდებულებების გასტუმრების დრო, შემოტანილი კაპიტალის და მიღებული სარგებლის ქვეყნიდან გასატანად უკვე მას ლარის უცხოურ ვალუტაში გადაცვლა დასჭირდება. ეს კი ბაზარზე დოლარზე ან ევროზე მოთხოვნის მკვეთრად ზრდას ნიშნავს, რისი შედეგიც ხშირად საგრძნობლად გაუფასურებული ლარია.

თუ კარგად ჩავიხედავთ საქართველოში შემოსული ინვესტიციების ჯგუფში, დავინახავთ, რომ შემოსული ინვესტიციების ნახევარზე მეტი სწორედ საფინანსო სექტორზე მოდის.

ამიტომ ყველაფერმა, რაც მიღებულია და მუშაობს განვითარებულ ქვეყნებში, სადაც საპროცენტო განაკვეთები ნულთანაა მიახლოებული, შეიძლება ცუდად იმუშაოს იმ ქვეყანაში, სადაც საფონდო ბაზარი ცენტრალური ბანკის ხელშია, საპროცენტო განაკვეთები მაღალია და ეკონომიკა რეცესიაში.

 

ნატა პატარაია