„გირჩის მღვდლებს“ მართლმადიდებლურ საეკლესიო მსახურებაში მონაწილეობის უფლება აღარ ექნებათ
© Sputnik
„შეიქმნა ასეთი ორგანიზაცია, რომელსაც ჰქვია „ბიბლიური თავისუფლება“. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წევრისთვის ამაში მონაწილეობა ნიშნავს მისი მრწამსის უარყოფას და ეკლესია აფრთხილებს ყველას, ვინც ასეთ ორგანიზაციაში გაწევრიანდება, მას აღარ ექნება უფლება მიიღოს მონაწილეობა საეკლესიო მსახურებაში, როგორიც არის ნათლობა, ჯვრისწერა, წესის აგება, ზიარება და სხვა“, – განაცხადა მეუფე დანიელმა (დათუაშვილი) ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.
პოლიტიკურმა პარტია „გირჩმა“ 2017 წელს დაარეგისტრირა რელიგიური ორგანიზაცია „საქართველოს ქრისტიანული, ევანგელისტური, პროტესტანტული ეკლესია – ბიბლიური თავისუფლება", რომელიც ახალგაზრდებს მღვდელმსახურებად აკურთხებს და ამით სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადებაში ეხმარება.
2019 წელს დაფიქსირდა პრეცედენტი, რომ სამტრედიაში გარდაცვლილი 24 წლის შაკო ბარამიძის ოჯახს მართლმადიდებელმა მღვდლებმა ავტოავარიაში დაღუპული შვილისთვის წესის აგებაზე უარი უთხრეს, რადგან მას „ბიბლიური თავისუფლების“ მღვდელმსახურის მოწმობა ჰქონდა. ახალგაზრდამ თავის დროზე ეს მოწმობა სამხედრო სამსახურისგან თავის დასახსნელად აიღო.