კომბოსტო: ვისთვის არის სასარგებლო და ვის ეკრძალება მისი ჭამა

ირკვევა, რომ დაბალკალორიული და ვიტამინებითა და მინერალური ნივთიერებებით მდიდარი კომბოსტო ზოგი კატეგორიის ადამიანებისთვის საზიანოა.
Sputnik

თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. კომბოსტო არის პროდუქტი, რომელიც წონის დაკლებასა და გუნება-განწყობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ, აცხადებს ენდოკრინოლოგ-დიეტოლოგი ტატიანა ბოჩაროვა.

სპეციალისტი განმარტავს, თუ ვისთვის არის მნიშვნელოვანი მენიუში ამ ბოსტნეულის შეტანა და ვინ უნდა თქვას მასზე უარი.

კალორიულობა

მეცნიერებმა COVID-19-ით სიკვდილიანობასა და კომბოსტოს შორის კავშირი დაადგინეს

კომბოსტოს კალორიული შემცველობა 100 გრამზე მხოლოდ 28 კილოკალორიაა. ბოსტნეულში ცოტაა შაქარი და დიდი რაოდენობით ბოჭკოს წყალობით, ის სწრაფად აკმაყოფილებს შიმშილს.

ამასთან კომბოსტოს მწნილში კიდევ უფრო ნაკლები კალორიაა — 100 გრამზე 20 კკლ. გარდა ამისა, ეს არის პრობიოტიკი, რომელიც სასარგებლოა ნაწლავის მიკროფლორისთვის. მჟავე კომბოსტო მცირე რაოდენობით უნდა შედიოდეს საჭმლის მონელების პრობლემის მქონე ადამიანების რაციონში.

რკინის უკმარისობის დროს სასარგებლოა მენიუში კომბოსტოს შეტანა.

„კომბოსტო თავისი შემადგენლობით ჩემპიონ-პროდუქტებში შედის: 100 გრამი თეთრთავიანი კომბოსტო 45 მილიგრამ C ვიტამინს შეიცავს, ანუ დღიური მოთხოვნილების 65 პროცენტს. ეს ვიტამინი ბევრია კომბოსტოს მწნილში: 200 გრამი C ვიტამინზე დღიურ მოთხოვნილებას ავსებს. თუმცა გასათვალისწინებელია ერთი ნიუანსი: კომბოსტო შაქრის გარეშე უნდა იყოს დამწნილებული, ვინაიდან ის ვიტამინს შლის“, - ამბობს ტატიანა ბოჩაროვა.  

კომბოსტო ნერვებისთვის

100 გრამ თეთრ კომბოსტოში K ვიტამინის დღიური ნორმის 65 პროცენტია, რომელიც გავლენას ახდენს სისხლის შედედებაზე. ასევე ბევრია B9, ფოლის მჟავა (დღიური ნორმის 11 პროცენტი 100 გრამზე) — რომელიც პასუხისმგებელია ნერვული სისტემის მუშაობაზე, ახალი უჯრედების ზრდაზე, იმუნიტეტსა და სხვა ფუნქციებზე.

რატომ უნდა მიირთვათ კომბოსტოს მწნილი: სასარგებლო სახეობა და მიზეზები

თუ ორგანიზმს ფოლიუმის მჟავა გამოხატულად აკლია, ადამიანს შეიძლება დეპრესია დაეწყოს.

კომბოსტო მხედველობისთვის

ყვავილოვანი კომბოსტო და ბროკოლი შეიცავს ლუთენსა და ზეაქსანტინს, რომლებიც ამცირებს მხედველობის ისეთი პრობლემების რისკს, როგორებიცაა კატარაქტა და ყვითელი ლაქა.

იმისათვის, რომ ნივთიერებები კარგად შეიწოვოს, კომბოსტოს უნდა დაამატოთ ჯანსაღი ცხიმები, მაგალითად, ზეითუნის ზეთი.

რეცეპტები და დიეტები

წონის დასაკლებად კომბოსტოს მონოდიეტაზე ყოფნა არ შეიძლება: ორგანიზმი ვერ მიიღებს საკმარის ცილებს, ცხიმებსა და ნახშირწყლებს.

„ძალიან ბევრი კომბოსტო გაზრდის კუჭის მჟავიანობას და მუცლის შებერილობას გამოიწვევს. უმჯობესია, კომბოსტო სადილის ან ვახშმის ნაწილი გახადოთ. კომბოსტოს უამრავი მარტივი რეცეპტი არსებობს — ჩაშუშული კომბოსტო შავი ქლიავით, ზღვის კომბოსტოს სალათი კვერცხით, პეკინური კომბოსტოს სალათი ქათმის ფილეთი“, — გვირჩევს ექიმი.

ყოველდღიური სასარგებლო და სწრაფი რეცეპტი არის სალათი „კოულ-სლოუ“:

გახეხეთ ტკბილ-მჟავე ვაშლები კომბოსტოსთან და სტაფილოსთან ერთად, შეურიეთ მდოგვი და იოგურტი.

ვინ არ უნდა მიირთვას კომბოსტო

კომბოსტოში უკურნებელი სენის საწინააღმდეგო ნივთიერება იპოვეს - მეცნიერული აღმოჩენა

კომბოსტო რაციონიდან უნდა გამორიცხოთ ნაწლავების დაავადებების, განსაკუთრებით ენტეროკოლიტის დროს. მასში ბევრია უჯრედისი, რაც მინიმუმ მუცლის შებერილობასა და მეტეორიზმს გამოიწვევს, მაქსიმუმ — გამწვავებებს.

„უხეში ბოჭკო კომბოსტოს რთულად მოსანელებელ საკვებად აქცევს. ამიტომ ბოსტნეული საზიანო იქნება მათთვის, ვისაც კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე ოპერაცია ჩაუტარდა (გამოჯანმრთელების პერიოდში) და ასევე ორ წლამდე ბავშვებისთვის“, — განმარტავს სპეციალისტი.

კომბოსტო საზიანოა პანკრეატიტის დროსაც (კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება). ამ დიაგნოზის მქონე ადამიანებმა არ უნდა მიირთვან უმი კომბოსტო. მათ მხოლოდ მოხარშული ან ჩაშუშული კომბოსტო შეიძლება ჭამონ და ისიც დღეში არაუმეტეს 100 გრამისა.