ყვითელი ამბები

„სამაგიეროდ მე და ინა ვართ ერთად“ - თიკა ჯამბურიას ყოფილი ქმარი მეორე ცოლსაც დაშორდა?

ბექა ხოფერია მეორედ 2015 წელს დაქორწინდა. წყვილს ორი გოგონა ჰყავს. ერთმანეთი მოსკოვში გაიცნეს და ბექა ამბობდა, რომ იპოვა ის ადამიანი, ვისაც დიდი ხანი ეძებდა
Sputnik

მომღერალმა თიკა ჯამბურიამ რამდენიმე დღის წინ „ინსტაგრამის“ „ფოლოუერების“ კითხვებს უპასუხა. აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი კითხვა მისი ყოფილი ქმრის ბექა ხოფერიას მეორე ქორწინებას ეხებოდა. წყვილი სავარაუდოდ დაშორდა, რაც მომღერლის მიერ გაცემულმა პასუხმაც დაადასტურა.

„არ მჯერა, რომ ამდენი ადამიანია დაინტერესებული ჩემი ყოფილი ქმრის პირადი ცხოვრებით. დაიკიდეთ ხალხო. სამაგიეროდ მე და ინა ვართ ერთად“, - დაწერა თიკა ჯამბურიამ და ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ბექას მეორე მეუღლესთან არაჩვეულებრივ დროს ატარებს.

ეჭვს აძლიერებს ისიც, რომ ბექას სოციალური ქსელიდან ინასთან ერთად გადაღებული ყველა ფოტო წაშლილი აქვს, აღარ იძებნება ინას არც „ფეისბუქის“ და არც „ინსტაგრამის“ გვერდები. ბექა ხოფერიამ ინა ოსიპოვაზე, რომელიც მოსკოვში გაიცნო, 2015 წელს იქორწინა. ინა ოსიპოვა ნახევრად ქართველია, ნახევრად ასირიელი. განათლება მოსკოვში, შემდეგ კი იტალიაში მიიღო. „ვიპოვე ის, ვისაც დიდი ხანია ვეძებ“, - ამბობდა მაშინ ბექა.

იმ დროს საზოგადოების ნაწილი ბექასა და თიკას შერიგებას მოელოდა, მაგრამ ამაოდ. ალბათ სწორედ ამიტომ, ახლადშეუღლებულების, უფრო მეტად კი ინასადმი საზოგადოების ნაწილი აგრესიას გამოხატავდა. ახლადშექმნილ ოჯახს მალე ახალი წევრი შეემატა. ამჟამად წყვილს ორი გოგონა ჰყავს. მესამე გოგონა ბექას თიკა ჯამბურიასთან ქორწინებისას გაუჩნდა.