საქართველოს AstraZeneca–ს ვაქცინის დამატებით პარტიას მიიღებს

თებერვლის ბოლოსთვის საქართველო ვაქცინის პირველ დოზებს მიიღებს, რაზეც უკვე გაფორმებულია ხელშეკრულება.
Sputnik

თბილისი, 11 თებერვალი – Sputnik. საქართველო AstraZeneca–ს მიერ წარმოებული ვაქცინის დამატებით 150 ათას დოზას მიიღებს, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან. 

ჯანმომ AstraZeneca-ს ვაქცინის ფართო გამოყენების რეკომენდაცია გასცა

AstraZeneca–ს ვაქცინის ერთ–ერთი მომწოდებელი  COVAX-პლატფორმაა, რომელიც 300 ათასი დოზა ვაქცინის მოწოდებას უზრუნველყოფს. ტიკარაძის თქმით, პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს პირდაპირი მოლაპარაკებები მწარმოებლებთან, რომლებიც ადასტურებენ, რომ საქართველოს მარტის პირველ ნახევარში ვაქცინის დამატებითი დოზით უზრუნველყოფენ.

„თქვენ იცით,  ვაქცინის თუ როგორი დეფიციტია ბაზარზე და ხშირად ისმის კითხვები სხვადასხვა ვაქცინის სანდოობასთან დაკავშირებით. ჩვენ თანმიმდევრულად მივყვებით გეგმას, რათა სანდოობა იყოს მაღალი. რაც შეეხება ტრანსპორტირებას, მოწოდებას თავად COVAX –პლატფორმა უზრუნველყოფს“, – განაცხადა ტიკარაძემ.

თებერვლის ბოლოს, პირველ ეტაპზე, საქართველო Pfizer–ის  29 250 დოზა ვაქცინას  მედპერსონალის ვაქცინაციისთვის მიიღებს. ქვეყანაში უკვე შემოტანილია ვაქცინაციისთვის საჭირო 50 ათასი სპეციალური შპრიცი.

ვაქცინაციის დასაწყებად უკვე მზადაა ცხრა სამედიცინო დაწესებულება, რომელთა რიცხვიც, უახლოეს პერიოდში 15–მდე გაიზრდება.