ტიკარაძე: გერმანიაში დროებითი დასაქმების პროგრამა მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება

საქართველოს მოქალაქეებს დროებითი ლეგალური დასაქმება 3 თვით შეეძლებათ. სეზონური სამუშაოები გერმანიაში 1 აპრილიდან დაიწყება, რეგისტრაციის გავლა კი 15 თებერვლიდან იქნება შესაძლებელი
Sputnik

თბილისი, 11 თებერვალი - Sputnik. საქართველოს მოქალაქეების გერმანიაში დროებითი დასაქმების პროგრამა მიმართულია როგორც ჩვენი მოქალაქეთა ფინანსური კეთილდღეობისთვის, ასევე ცოდნის გაცვლის მიზნით, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მორიგი სპეცრეისი: Georgia Airways–მა ქართველი სტუდენტები გერმანიაში ჩაიყვანა

დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოსა და გერმანიის ფედერალური დასაქმების სააგენტოს (BA) შორის 2020 წლის 17 იანვარს დაიდო შეთანხმება „გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სეზონურ სამუშაოზე ქართული სამუშაო ძალის დასაქმების შესახებ“, რითაც საფუძველი ჩაეყარა გერმანიაში საქართველოს მოქალაქეების ლეგალური დასაქმების პროექტს.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, აღნიშნული პროექტის განხორციელება მსოფლიოში არსებული პანდემიის ფონზე 2020 წლის პერიოდში ვერ მოხერხდა. თუმცა საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე მხარეებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ 15 თებერვლიდან დაიწყოს საქართველოს მოქალაქეების გერმანიაში რეგისტრაცია სოფლის მეურნეობის დარგში დასაქმების შესახებ.

„პროგრამა მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება. საქართველოს დასაქმების სააგენტოს უკვე გააჩნია დიდი გამოცდილება და გერმანიის მთავრობაც მზად არის განუსაზღვრელი რაოდენობით მიიღოს ჩვენი მოქალაქეები“, - განაცხადა ტიკარაძემ.

მინისტრის განმარტებით, პროგრამა მოიცავს დროებით შრომით მიგრაციას, რომლის ვადები სამი თვით განისაზღვრა.

აღნიშნულ საკითხზე დღეს ეკატერინე ტიკარაძემ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ჰუბერტ ქნირშთან შეხვედრა გამართა.