ენგურის ხიდზე ე.წ გადასასვლელი გაიხსნა

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო, ენგურის ხიდი ორივე მხრიდან თითქმის ერთი წელია ჩაკეტილია.
Sputnik

თბილისი, 11 თებერვალი - Sputnik. აფხაზეთის მიმართულებით თავისუფალი მიმოსვლის თითქმის ერთწლიანი შემზღუდავი რეჟიმის შემდეგ ენგურის ხიდზე ე.წ გადასასვლელი გაიხსნა, განაცხადა საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. 

ენგურის ხიდზე ავტობუსით მიმოსვლა აღდგა

ახვლედიანის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება აფხაზეთის რეგიონის მოსახლეობას საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის საშუალებას მისცემს – ყოველი მსგავსი ნაბიჯი მოსახლეობის მდგომარეობის შემსუბუქებისკენ არის მიმართული, დასძინა მან.

„საქართველოს ხელისუფლება ჩვენს ხელთ არსებული ყველა მექანიზმისა და ბერკეტის გამოყენებით, საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით და შუამდგომლობით ძალისხმევას არ იშურებს, რათა ჩვენი მოქალაქეებისთვის თავისუფალი გადაადგილების ფუნდამენტური უფლება უზრუნველყოფილ იქნას", – აღნიშნა ახვლედიანმა.

კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, აფხაზეთიდან  გადმომსვლელმა პირებმა ქვეყანაში მოქმედი შესაბამისი რეგულაციები უნდა დაიცვა. კერძოდ, ისინი საკარანტინე სივრცეში გაატარებენ  5 დღეს და PCR-ტესტირების უარყოფითი შედეგისა და ხუთდღიანი საკარანტინე ვადის ამოწურვის შემდეგ, მათ სივრცის დატოვების უფლება ექნებათ. 1 თებერვლამდე აფხაზეთიდან საქართველოს ტერიტორიაზე შემოსული პირებისთვის საკარანტინო ვადა 12 დღით იყო განსაზღვრული.

ენგურის ხიდი 2020 წლის 14 მარტს დაიკეტა, რის მიზეზადაც კორონავირუსის გავრცელების პრევენცია დასახელდა.