მასშტაბური სპეცოპერაცია იტალიასა და საფრანგეთში: დაკავებულია საქართველოდან ჩასული 46 პირი

ევროპელი კოლეგების დასახმარებლად საქართველოდან საფრანგეთში ქართველი მეკავშირე ოფიცერი იყო მივლინებული, რომლის მეშვეობითაც მოხერხდა ყველა მათგანის იდენტიფიცირება.
Sputnik

თბილისი, 10 თებერვალი — Sputnik. იტალიასა და საფრანგეთში მასშტაბური სპეცოპერაციებისას, რომლებშიც საქართველოს სამართალდამცველი ორგანოებიც იღებდნენ მონაწილეობას, საქართველოდან ჩასული 45 პირი დააკავეს.

სხვადასხვა დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრებს შორის ერთი ქართველი „კანონიერი ქურდია“.

გავრცელებული ინფორმაციით, საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის ფარგლებში დამნაშავეების დაკავება საქართველოს შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აქტიური მონაწილეობითა და საქართველოს პოლიციის ატაშეების ჩართულობით გახდა შესაძლებელი. 

არსებული ცნობით, 9 თებერვალს საქართველოსა და იტალიის ძალოვანმა უწყებებმა, რამდენიმეთვიანი ინტენსიური ოპერატიული, სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოპერაცია „კანონიერი ქურდის“ ფარგლებში, გამოავლინეს და დააკავეს საქართველოს მოქალაქეები: იტალიაში — 23, პოლონეთში — 2, ხოლო საბერძნეთში, ბელგიასა და სლოვენიაში — თითო–თითო.

„ოპერაცია „კანონიერი ქურდი“ მხოლოდ ნაწილია იმ მასშტაბური ღონისძიებებისა, რასაც ქართველი და იტალიელი სამართალდამცველები ერთობლივად ახორციელებენ“, — ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

აღინიშნება, რომ დაკავებულები აქტიურად ეწეოდნენ დანაშაულებრივ საქმიანობას იტალიასა და ევროკავშირის სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე.

კერძოდ, გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქეები საცხოვრებელ ბინებს ძარცვავდნენ იტალიის ჩრდილოეთში, ხოლო მოპარული ნივთების გასაღებიდან მიღებული თანხით ლეგალური ბიზნესის დაწყებას ცდილობდნენ იტალიის ტერიტორიაზე.

იმუქრებოდა თვითდაზიანებით: უკრაინაში „ლავასოღლი“ დააკავეს

ირკვევა, რომ საქართველოს მოქალაქეები, კვალის არევის მიზნით, გაყალბებულ მონაცემებსა და დოკუმენტაციას იყენებდნენ, თუმცა ყველა მათგანის იდენტიფიცირება მაინც გახდა შესაძლებელი, რაშიც დიდი წვლილი საქართველოს შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს მიუძღვის.

გარდა ამისა, 9 თებერვალს სპეცოპერაცია ჩატარდა საფრანგეთშიც — სახელწოდებით BRATVA-35. ინტენსიური ოპერატიულ–საგამოძიებო სამუშაოები რამდენიმე თვის განმავლობაში ინტენსიურად მიმდინარეობდა. დამნაშავეების დაკავება ქართველი მეკავშირე ოფიცრის უშუალო მონაწილეობით გახდა შესაძლებელი, რომელიც საფრანგეთის ეროვნულ პოლიციაში იყო მივლინებული.

ოპერაციის ფარგლებში ქალაქებში – როშ-სურ-იონში, ნუარში, ანჟერში, ბორდოსა და რენში ქართული წარმოშობის „კანონიერი ქურდი“ კ.ა. და საქართველოს სხვა 17 მოქალაქე დააკავეს. მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე რამდენიმე მუხლითაა აღძრული. მათ ბრალად ედებათ: სავაჭრო ობიექტებში ჩადენილი ორგანიზებული ქურდობა, ორგანიზებულ დანაშაულებრივ დაჯგუფებაში მონაწილეობა, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენა/გასაღება და კონტრაბანდული თამბაქოს ნაწარმით უკანონო ვაჭრობა. აღნიშნული დანაშაულებისთვის მაქსიმალური სასჯელი 10 წლით თავისუფლების აღკვეთასა და ფულად ჯარიმას ითვალისწინებს 375 ათასი ევროს ოდენობით.