ქართველი მთარგმნელი საფრანგეთის აკადემიური პალმის ორდენით დაჯილდოვდა

ლალი უნაფქოშვილს განათლებასა და მეცნიერებაში საფრანგეთის ერთ-ერთი მთავარი ჯილდო ქართველ მკითხველში ფრანგული ლიტერატურის პოპულარიზაციისთვის გადაეცა.
Sputnik

თბილისი, 10 თებერვალი – Sputnik. ქართველმა მთარგმნელმა ლალი უნაფქოშვილმა ელჩი დიეგო კოლასისგან საფრანგეთის ეროვნული პრემია – აკადემიური პალმის ორდენი მიიღო.

აკადემიური პალმის ორდენი საფრანგეთის ჯილდოა განათლებასა და მეცნიერებაში დამსახურებისთვის. ორდენი, როგორც ორგანიზაცია, პარიზის უნივერსიტეტის აკადემიკოსებისა და პროფესორებისთვის იმპერატორ ნაპოლეონ პირველის მიერ 1808 წლის 19 მარტს დაარსდა.

ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ გამარჯვებულთა ვინაობა ცნობილია

ამჟამად აკადემიური პალმით შეიძლება დაჯილდოვდნენ როგორც მასწავლებლები და მასწავლებელთა საზოგადოების წევრები, ისე პირები, რომლებსაც მასწავლებლობასთან შეხება არა აქვთ, მაგრამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს სახალხო განათლებაში, ასევე უცხოელები და საზღვარგარეთ მცხოვრები ფრანგები, რომლებიც აქტიურ პოპულარიზებას უწევენ ფრანგულ კულტურას სხვა ქვეყნებში.

ლალი უნაფქოშვილს ეს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდო ქართველ მკითხველს შორის ფრანგული ლიტერატურის გავრცელებაში შეტანილი წვლილისთვის გადაეცა.

საქართველოში საფრანგეთის ელჩმა დიეგო კოლასმა Twitter-ში უნაფქოშვილს „ექსტრაორდინარული მთარგმნელი“ უწოდა და აღნიშნა, რომ ის ორ ათეულ წელზე მეტხანს მუშაობდა დაძმობილებულ ქალაქებს ფრანგულ ნანტსა და თბილისს შორის პროექტზე.

ლალი უნაფქოშვილის ჟულიენ გრაკის „ქალაქის ფორმის“ თარგმანი 2020 წელს საქართველოში პრემიის „ლიტერა მთარგმნელებისთვის“ (ნომინაციაში „ჰუმანიტარულ–სამეცნიერო და სამეცნიერო–პოპულარული საუკეთესო თარგმანისთვის“) ლაურეატი გახდა.