კალაძე: ტრანსპორტში ხშირად არღვევენ პირბადის ტარების წესს

კალაძემ მადლობა გადაუხადა იმ მგზავრებს, რომლებიც ერთმანეთს პირბადის ტარებისკენ მოუწოდებენ და უფლებამოსილ პირებს რეგულაციების დაცვაში დახმარებას უწევენ.
Sputnik

თბილისი, 10 თებერვალი – Sputnik. მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის განახლების შემდეგ 524 მგზავრი ტრანსპორტში პირბადის გარეშე ასვლას შეეცადა, 3,8 ათასამდე მგზავრს კი გაფრთხილება მიეცა პირბადის ტარებასთან დაკავშირებით, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე. 

პირბადის ტარების წესის დარღვევის გამეორების შემთხვევაში ჯარიმა ორმაგდება

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა პირბადის გარეშე. პირბადის ტარება სავალდებულოა როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეში. პირბადის გარეშე ყოფნისა და გადაადგილების გამო მოქალაქე დაისჯება 20 ლარის ოდენობის ჯარიმით. პირბადის ტარების წესის დარღვევის გამეორების შემთხვევაში კი ჯარიმა ორმაგდება.

კახა კალაძემ მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა საზოგადოებრივ ტრანსპორტში უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალური დაცვისკენ.

„მოქალაქეები ხშირად არ ასრულებენ კონკრეტულ მითითებებს. ერთ შემთხვევაში საპატრულო პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო, რადგანაც მგზავრს პირბადის გაკეთება არ სურდა. კიდევ ერთ შემთხვევაში კი ავტობუსი არ დაიძრა, რადგან მგზავრი არ ემორჩილებოდა მოთხოვნებს“, – განაცხადა მერმა.

მუნიციპალურმა ტრანსპორტმა 8 თებერვლიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის, თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში განაახლა მუშაობა. საზოგადოებრივი ტრანსპორტი მგზავრებს 06:00 საათიდან 21:00 საათამდე მოემსახურება, რაც შეეხება შაბათ–კვირას, უქმეებზე ტრანსპორტი არ იმუშავებს.