ფრთხილად, თაღლითია! თბილისში მამაკაცი თავს პროკურატურის თანამშრომლად ასაღებდა

პროკურატურამ მოუწოდა მოქალაქეებს, უკანონო შეთავაზების შემთხვევაში მიმართონ საქართველოს პროკურატურის გენერალურ ინსპექციას.
Sputnik

თბილისი, 10 თებერვალი – Sputnik. საქართველოს პროკურატურის გენერალურმა ინსპექციამ თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თაღლითობა ამერიკის ვიზებთან დაკავშირებით: ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ >>

„თაღლითია, არ ენდოთ“ – გაბრაზებული ლელა წურწუმია ფოტოებს აქვეყნებს

გამოძიებით დადგინდა, რომ ამჟამად დაკავებული პირი 2019 წლის ივნისში დაზარალებულს პროკურატურის თანამშრომლად გაეცნო და 5500 დოლარის სანაცვლოდ დახმარება შესთავაზა. კერძოდ, ის დაჰპირდა, თითქოსდა შეეძლო სისხლის სამართლის საქმეების საფუძველზე სხვადასხვა კომპანიებისა და პირებისთვის სასამართლოს გადაწყვეტილებით ჩამორთმეული და ვითომდა პროკურატურის ბალანსზე არსებული უძრავი ქონების (საცხოვრებელი ბინების) და ავტომანქანების მისთვის გადაცემა.

ბრალდებულმა მთლიანი თანხის მიღება მოახერხა.

მას ბრალი წარედგინა „დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების“ მუხლით (სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი). აღნიშნული დანაშაული 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა.

საქართველოს პროკურატურა მოუწოდებს მოქალაქეებს, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პროკურატურის სახელით მსგავსი ან სხვა სახის უკანონო შეთავაზებას მათ მიმართაც ჰქონდა ადგილი, მიმართონ საქართველოს პროკურატურის გენერალურ ინსპექციას, რაზეც მოხდება მყისიერი სამართლებრივი რეაგირება. მათი კონფიდენციალურობა დაცული იქნება.