თბილისი, 10 თებერვალი – Sputnik. ბათუმის ახალი სტადიონი ბრიტანული პორტალი StadiumDB-ს ტრადიციულ გამოკითხვაში მოხვდა, რომლის მიზანიც გასულ წელს აშენებული მსოფლიოს საუკეთესო სპორტული არენის გამოვლენაა.
ხმის მიცემა 7 მარტს დასრულდება, შედეგები კი სამი დღის შემდეგ – 10 მარტს გახდება ცნობილი. ხმის მიცემა შესაძლებელია ბმულზე.
წლევანდელ გამოკითხვაში, რომელიც მეთერთმეტედ ტარდება, 20 სტადიონია შესული. საუკეთესო სტადიონი ორ ეტაპად გამოვლინდება. თავიდან საკუთარ არჩევანს პროფესიონალური ჟიური გააკეთებს, შემდეგ კი გულშემატკივრების გადაწყვეტილება გახდება ცნობილი.
გულშემატკივარმა უნდა შეარჩიოს 5 საუკეთესო არენა და თითოეული 5-დან 1-მდე ვარსკვლავით შეაფასოს.
საუკეთესო ოცეულში მოხვდნენ კატარში, აშშ-ში, ისრაელში, ინგლისში, თურქეთში, ჩილეში, იაპონიაში, ავსტრალიაში, შვეიცარიაში, რუმინეთში, მალაიზიასა და ჩინეთში აშენებული არენები.
ბათუმის სტადიონს საძირკველი 2018 წლის 21 იანვარს ჩაეყარა. ის დაპროექტებულია თურქული არქიტექტურული კომპანია Bahadir Kul Architects-ის მიერ. სტადიონი 20 ათას მაყურებელს იტევს. მის მშენებლობაზე თითქმის 145 მლნ ლარი დაიხარჯა.