დაარქვით ტარაკანს ყოფილი მეუღლის სახელი: ზოოპარკი უჩვეულო აქციას აანონსებს

ზოოპარკი უჩვეულო, თუმცა უკვე ტრადიციად ქცეულ აქციას შეყვარებულების დღეს – 14 თებერვალს მოაწყობს, მიღებულ თანხას კი ცხოველების საჭიროებებს მოახმარს.
Sputnik

თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. ტეხასის ელ-პასოს ზოოპარკმა 14 თებერვლისთვის ტრადიციული აქცია დააანონსა, რა დროსაც მსურველები 5 დოლარად შეძლებენ ტარაკანს ყოფილი მეუღლის, ან სამსახურში უფროსის სახელი დაარქვან, შემდეგ კი მწერი პირდაპირ ეთერში აჭამონ რომელიმე ცხოველს.

„დროა გამოგვიგზავნოთ იმის სახელი, ვინც თავი მოგაბეზრათ — ყოფილი მეუღლის, უფროსისა ან მისი, ვინც გვერდში ეკალივით გესობათ, და ტარაკანს მათ სახელს დავარქმევთ“, — ნათქვამია ზოოპარკის Facebook-გვერდზე.

ტარაკნების გარდა, მსურველებს შეუძლიათ 25 დოლარად შეიძინონ გაყინული ვირთხა, რომლითაც ქვეწარმავლებს ან ზოოპარკის სხვა ბინადრებს გამოკვებავენ.

ამასთან ზოოპარკის ადმინისტრაციამ წელს ვეგანებისთვის მისაღები ვარიანტიც შეარჩია: მათ შეუძლიათ კომბოსტოს დაარქვან „გამამწარებელი“ ადამიანის სახელი და ის ბალახისმჭამელ ცხოველს მიართვან.

ზოოპარკი განაცხადებს 12 თებერვლამდე მიიღებს, „საზეიმო ჭამა“ კი 14 თებერვალს გაიმართება.

გავრცელებული ინფორმაციით, შეგროვებული თანხა ზოოპარკის საჭიროებებს მოხმარდება.